ამერიკის შეერთებული შტატები და ტაივანი, ახალი ინიციატივის ფარგლებში, სავაჭრო მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ. ტაივანის ოფიციალური პირის განცხადებით, მოლაპარაკებებისას „ეკონომიკურად მნიშვნელოვანი შედეგების“ მიღწევასთან ერთად, „ჩინეთის ეკონომიკური იძულებაც“ განიხილება.
ვაშინგტონმა და ტაიბეიმ აშშ-ტაივანის „21-ე საუკუნის ვაჭრობის“ ინიციატივა ივნისში წარადგინეს. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობითი ოფისის განცხადებით, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი შემოდგომის დასაწყისში გაიმართება. „ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა მაღალი სტანდარტებისა და მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად, რომელიც მოლაპარაკებების მანდატში თერთმეტ სავაჭრო სფეროს მოიცავს“, – განაცხადა აშშ-ის მხარემ.
სავაჭრო საკითხებში ტაივანის წამყვანი შუამავალი ჯონ დენგი მოლაპარაკებების დაწყებას მომავალი თვისთვის ვარაუდობს და იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმება „ერთ მშვენიერ დღეს, ტაივანს აშშ-სთან, მისთვის სასურველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამდეც“ მიიყვანს. განცხადებასთან ერთად გამოქვეყნებულ მოლაპარაკებების მანდატში კი ნათქვამია, რომ აშშ და ტაივანი ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ვაჭრობის ხელშეწყობა, მარეგულირებელი პრაქტიკა და ვაჭრობის დისკრიმინაციული ბარიერების მოხსნა.
აღსანიშნავია, რომ დენგმა „ჩინეთის ეკონომიკურ იძულებაზე“ საუბრისას პეკინის ქმედებაზე მიუთითა, დაბლოკოს სავაჭრო კავშირები იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც უთანხმოება აქვს. მისი თქმით, ეს საზიანო იქნება გლობალური ეკონომიკისა და სავაჭრო წესრიგისათვის.