ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, ორშაბათს, შუადღის მონაცემებით, მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ინდექსები გაიზარდა. კერძოდ, დაახლოებით 0.1%-ით გაიზარდა Dow Jones-ის ინდექსი, ხოლო S&P 500, ორშაბათი დილის ცუდი სტარტის შემდეგ, როდესაც ბაზრის გახსნისთანავე ინდექსმა დაახლოებით 0.8%-ით დაიკლო, მოგვიანებით, შუადღისას, 0.2%-ზე მეტით გაიზარდა.
ორშაბათს შუადღის მონაცემებით, ყველაზე დიდი მატება ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთულმა Nasdaq-მა დააფიქსირა, რომელიც 0.5%-ზე მეტით გაიზარდა. Nasdaq-ის საფონდო ინდექსის ზრდა ძირითადად მსოფლიოში ნახევარგამტარების უმსხვილეს მწარმოებელზე, Nvidia-ზე მოდის. Nvidia-ს აქციების ღირებულება დაახლოებით 3%-ით გაიზარდა და ბოლო ორდღიან სავაჭრო სესიაში ვარდნის შემდეგ, $182.6-ს მიაღწია.
აქციების ღირებულება გაიზარდა სხვა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების შემთხვევაშიც, მათ შორის იყო Apple-ი (+0.58%), Microsoft-ი (+1.77%) და Meta (+1.3%). თუმცა იმავე პერიოდში დაახლოებით 1.5%-ით დაეცა Google-ის მფლობელი კომპანიის, Alphabet-ის აქციების ღირებულება, ხოლო Amazon-ის აქციების ფასი 0.2%-ით დავარდა. S&P 500-ის საფონდო ინდექსში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზარალი კი, ორშაბათ შუადღის მონაცემებით, უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ დააფიქსირა, რომლის აქციების ფასიც 5.2%-ით დაეცა.
თუმცა, მიმდინარე მოვლენების შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ გაიზარდა აერონავტიკისა და თავდაცვის სფეროს გიგანტების, RTX-ის (Raytheon Technologies-ი) და Lockheed Martin-ის აქციების ღირებულება, შესაბამისად, 4.5%-ით და 2.6%-ით.















