კვლევითი ფირმა Cox Automotive-ის მონაცემებით, რომლებიც Reuters-მა მოიპოვა, აშშ-ის ბაზარზე Tesla-ს წილი აგვისტოში თითქმის რვაწლიან მინიმუმამდე დაეცა. მედიასააგენტოს განცხადებით, ამის მიზეზი ის არის, რომ, დიდი ალბათობით, მომხმარებლებმა ამერიკული ავტომწარმოებლის კონკურენტების ელექტრომობილები, Tesla-ს უკვე საკმაოდ მოძველებულ ხაზს ამჯობინეს.
ამასთან, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ელექტრომობილების გაყიდვების ზრდა შეერთებულ შტატებში სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება და თვის ბოლოს ფედერალური საგადასახადო კრედიტების ვადის ამოწურვის შემდეგ შემცირდება. ეს Tesla-ზე ფინანსურ ზეწოლას კიდევ უფრო გაზრდის.
Tesla-ს ოდესღაც აშშ-ის ელექტრომობილების ბაზრის 80%-ზე მეტი ეკავა, აგვისტოში კი მასზე შეერთებულ შტატებში ელექტრომობილების მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 38% მოდიოდა. Cox-ის წინასწარი მონაცემებით, Tesla-ს წილი 40%-იან ნიშნულზე დაბლა 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ არ ყოფილა. ეს ის პერიოდია, როდესაც კომპანია Model 3-ის, მისი პირველი მასობრივი ბაზრის ელექტრომობილის წარმოებას ზრდიდა.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა ავტომწარმოებლები ახალ ელექტრომობილებს უშვებენ, Tesla-მ ყურადღება რობოტაქსისა და ჰუმანოიდი რობოტების შექმნაზე გადაიტანა, რითაც შედარებით ბიუჯეტური ელექტრომობილების მოდელების გამოშვების გეგმები გადადო ან გააუქმა.
აღსანიშნავია, რომ Tesla-ს საბჭომ პარასკევს კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს უპრეცედენტო, 1 ტრილიონი დოლარის ანაზღაურების პაკეტი შესთავაზა. თუმცა მასკი ამ თანხას სრულად იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში Tesla-ს ღირებულებას 8.5 ტრილიონ დოლარამდე გაზრდის. ცნობისთვის, ამჟამად ავტომწარმოებლის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ დოლარს მცირედ აჭარბებს.