აშშ-ის ფედერალური მთავრობა უკვე მე-14 დღეა ე.წ. „შათდაუნში“ იმყოფება და ძირითადი მიმართულებების ფუნქციონირება შეჩერებული აქვს. სენატში კი მთავრობის მუშაობის აღდგენის კანონპროექტი ზედიზედ მერვედ ჩავარდა, რითაც აშშ-ის მთავრობის „შათდაუნი“ კიდევ ერთი დღით გაგრძელდა. სენატმა რესპუბლიკელი კანონმდებლების წარდგენილ კანონპროექტს 49 მომხრით, 45-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგანკანონპროექტს დასამტკიცებლად 60 ხმა სჭირდება.
თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისის მიერ გავრცელებული განცხადებით, ფედერალური მთავრობის „შათდაუნის“ ორი კვირით გაგრძელება დემოკრატი სენატორების პასუხისმგებლობაა.
მართვისა და საბიუჯეტო ოფისისგან სამსახურიდან გათავისუფლების წერილი პარასკევს კიდევ 4,200 საჯარო მოხელეს მიუვიდა. ამჯერად გათავისუფლებების ტალღა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტისა და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეეხო.
ე.წ. „შათდაუნის“ დროს შეერთებული შტატების ფედერალური უწყებები მუშაობას წყვეტენ მანამ, სანამ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატა მათი სამომავლო დაფინანსების საკითხებზე შეთანხმდება. „შათდაუნი“ არ ეხება სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციებს, მათ შორის – სამართალდამცავ უწყებებს.
სენატის მიერ ბიუჯეტის კანონპროექტის მიღების შემდეგ, კანონს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.
ცნობისათვის, ბოლოს „შათდაუნი“ აშშ-ში 2018 წელს, ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობისას მოხდა, რომელიც 30 დღის განმავლობაში გაგრძელდა. პოლიტიკური მიმომხილველები ამჯერად აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ „შათდაუნს” პროგნოზირებენ.