აშშ-ის ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთებს 22-წლიან მაქსიმუმზე ტოვებს

აშშ-ის ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთებს 22-წლიან მაქსიმუმზე ტოვებს

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა ბოლო სხდომაზე მონეტარული პოლიტიკა აღარ გაამკაცრა და საპროცენტო განაკვეთები 22-წლიან მაქსიმუმზე შეინარჩუნა.

2022 წლის მარტიდან მოყოლებული ზედიზედ 11-ჯერ გაზრდის შემდეგ, Fed-ის საორიენტაციო განაკვეთები ამაჟამად 5.25-5.5 პროცენტამდეა.

ფედერალური რეზერვის ოფიციალურმა პირებმა განაკვეთების ზრდისგან თავი შეიკავეს, რადგან მიაჩნიათ, რომ მონეტარული პოლიტიკა შეიძლება ისედაც უკვე ძალზე მკაცრი იყოს, თუმცა სამომავლოდ გადაწყვეტილების შეცვლასაც არ გამორიცხავენ, რაც ეკონომიკურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

Fed-მა კიდევ ერთხელ გააჟღერა საკუთარი მიზანი: ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე, 2%-მდე დაწევა.

მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია 3.7%-მდე ჩამოვიდა სექტემბერში 2022 წლის 9.1%-იანი პიკიდან, ფედერალურ რეზერვს მიზნის მისაღწევად გზაზე ეღობება ქვეყნის ეკონომიკის კარგი მდგომარეობა, კერძოდ, ძლიერი სამუშაო ბაზარი და მომხმარებელთა ხარჯვა, რამაც მესამე კვარტალში მოსალოდნელზე უკეთესი ეკონომიკური ზრდა განაპირობა.

ცნობისთვის, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვის, ეკონომიკაში ფულის მიმოქცევის შემცირებისა და, შესაბამისად, ინფლაციის მაჩვენებლის დაწევისკენაა მიმართული, მაგრამ Fed-ში კვლავ ეჭვობენ, ჰქონდა თუ არა მათ აგრესიულ პოლიტიკას საკმარისი ეფექტი.

ამ გადაწყვეტილებამ როგორც აშშ-ში, ისე ზოგადად საფონდო ბირჟებზე აქციების ფასების ზრდა გამოიწვია. მაგალითად, S&P-ის ინდექსმა, დაახლოებით 1.1%-ით, ხოლო Nasdaq Composite-მა 1.6%-ით მოიმატა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვებამ პოზიტიური გავლენა მოახდინა აზიური ვალუტების კურსზეც.