აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკა აგრესიულად გაამკაცროს

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკა აგრესიულად გაამკაცროს

მიმდინარე კვირის უმთავრესი ეკონომიკური მოვლენა, უდავოდ, აშშ-ის ფედერალური რეზერვის კომიტეტის შეხვედრაა, სადაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საკითხი უნდა გადაწყდეს.

გასულ თვეს მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის დაფიქსირების ფონზე, მოსალოდნელია, რომ ჯერომ პაუელის ხელმძღვანელობით FED-მა გამკაცრების აგრესიული პოლიტიკა აირჩიოს და ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 100 საბაზო პუნქტით (1%) გაზარდოს 3.25%-იან ნიშნულამდე.

აშშ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას პირდაპირი გავლენა აქვს გლობალურ საფინანსო ბაზრებზე, ენერგეტიკულ, საფონდო და კრიპტო ბირჟებზე. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ეკონომიკური აქტივობის შემცირებას, სესხების გაძვირებას და ინვესტორების მიერ სარისკო პოზიციების შემცირებას იწვევს.

1%-იანი გამკაცრების მოლოდინში S&P 500 ინდექსი ერთ კვირაში 5.8%-ით დაეცა, ნავთობის ფასი 2%-ით შემცირდა, ხოლო ბიტკოინის ფასი თითქმის 13%-ითაა შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსები საბაზო სცენარით FED-ის მიერ განაკვეთის 0.75 პროცენტული პუნქტით ზრდას ითვალისწინებენ და ამ სცენარის განვითარების ალბათობას 60%-ის ფარგლებში მიიჩნევენ, თუმცა 1%-იანი გამკაცრების რისკი ინვესტორთათვის საკმაოდ მაღალია.

ფედერალური რეზერვის კომიტეტის ორდღიანი შეხვედრა დღეს დაიწყო, გადაწყვეტილება კი ხვალ გახდება ცნობილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *