გასულ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფლაცია უკანასკნელი 40 წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა, ხოლო ბაზარზე აქციების ფასი მკვეთრად დავარდა. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, აშშ-ის კორპორაციულმა მოგებამ 2022 წელს მაინც რეკორდულ დონეს მიაღწია.
Visual Capitalist-მა სექტორების მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული წლის ყველაზე მოგებიანი კომპანიები გამოავლინა. გამოყენებული მონაცემები 2023 წლის 31 იანვრამდე დასრულებულ ფისკალურ წელს ეყრდნობა და Fortune 500-ის კომპანიებს აერთიანებს. გამოცემის რეიტინგში აშშ-ის მასშტაბით დაფუძნებული და ფუნქციონირებადი საჯარო და კერძო კომპანიებია წარმოდგენილი.
რეიტინგის ლიდერი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ი გახდა, რომლის 2022 წლის მოგებაც თითქმის $100 მილიარდს აღწევს. შედეგად, Apple-ის გასული წლის მოგება ფინანსური და ენერგეტიკული სექტორების ლიდერების მიერ მიღებულ ჯამურ მოგებას აღემატება. ამავდროულად კი აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ბოლოს Apple-ის წმინდა მოგების მარჟა თითქმის 25%-ს გაუტოლდა.
Apple-ის მთლიანი წმინდა გაყიდვების თითქმის ნახევარი iPhones–ებზე მოდის, თუმცა ბოლო პერიოდში ზრდა შედარებით კლებულობს. გასულ წელს iPhones-ის გაყიდვები მხოლოდ 7%-ით გაიზარდა, როდესაც ერთი წლით ადრე ზრდამ 39% შეადგინა. ამავდროულად კი კომპანიის სერვისების, მათ შორის Cloud-ის, AppleCare-ისა და რეკლამირების გაყიდვები, წლიურად დაახლოებით 14%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ენერგეტიკულ სექტორს, ამ შემთხვევაში 2022 წლის ყველაზე მოგებიანი კომპანიის სტატუსი Exxon Mobil-მა დაიმსახურა. კომპანიის მოგება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად ნავთობზე გაზრდილი ფასების გავლენით, 142%-ით, რეკორდულ $55 მილიარდამდე გაიზარდა. კომპანიის შემოსავლებზე პანდემიის გამო ხარჯების მკვეთრმა შემცირებამაც დადებითად იმოქმედა.
2022 წელს ფინანსურ სექტორში ყველაზე მაღალი, $37.7-მილიარდიანი მოგება, JPMorgan Chase-მა ნახა. თუმცა აქტივების მიხედვით ქვეყნის უმსხვილესი ბანკის საბანკო განყოფილებამ მკვეთრი ვარდნა განიცადა, რის შედეგადაც, მთლიანობაში JPMorgan Chase-ის მოგება წლიურად 22%-ზე მეტით შემცირდა.
გასული ოცი წლის განმავლობაში, S&P 500-ის არაფინანსური კომპანიების მოგების ზრდიდან მესამედი დაბალი გადასახადებისა და საპროცენტო განაკვეთების დამსახურებაა. ინფორმაციას აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ანგარიში აქვეყნებს. ახლა კი საპროცენტო განაკვეთები იზრდება, თუმცა ჯერჯერობით აშშ-ის კორპორაციები ცვლილების მიმართ გამძლეობას ინარჩუნებენ. 2023 წლის პირველ კვარტალში, აშშ-ის კორპორაციული მოგება ზომიერად, 5%-ზე მეტით დაეცა.
აშშ-ის ყველაზე მოგებიანი კომპანიების რეიტინგი, სექტორების მიხედვით:
- Apple – $99.8 მილიარდი (ტექნოლოგიები)
- Exxon Mobil – $55.7 მილიარდი (ენერგეტიკა)
- JPMorgan Chase – $37.7 მილიარდი (ფინანსები)
- Pfizer – $31.3 მილიარდი (ჯანდაცვა)
- Verizon Communications – $21.3 მილიარდი (ტელეკომუნიკაციები)
- Home Depot – $17.1 მილიარდი (საცალო ვაჭრობა)
- Visa – $15 მილიარდი (ბიზნესსერვისები)
- Procter & Gamble – $14.7 მილიარდი (საყოფაცხოვრებო პროდუქტები)
- Tesla – $12.6 მილიარდი (ავტომობილები & ნაწილები)
- UPS – $11.5 მილიარდი (ტრანსპორტი)
- Coca-Cola – $9.5 მილიარდი (საკვები, სასმელი, თამბაქო)
- Nucor – $7.6 მილიარდი (მასალები)
- Deere – $7.1 მილიარდი (მრეწველობა)
- McDonald’s – $6.2 მილიარდი (სასტუმროები, რესტორნები, დასვენება)
- Nike – $6 მილიარდი (ტანისამოსი)
- DuPont – $5.9 მილიარდი (ქიმიკატები)
- R. Horton – $5.9 მილიარდი (ინჟინერია & მშენებლობა)
- Lockheed Martin – $5.7 მილიარდი (ავიაცია & თავდაცვა)
- Netflix – $4.5 მილიარდი (მედია)
- Walgreens Boots Alliance – $4.3 მილიარდი (სურსათისა და წამლების მაღაზიები)
- W. Grainger – $1.5 მილიარდი (საბითუმო ვაჭრობა)