აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპის ტარიფები ძალაში რჩება

აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპის ტარიფები ძალაში რჩება

ხუთშაბათს აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპის მიერ შემოღებული ტარიფები უკანონოდ გამოცხადდა და მისი მოქმდება გაუქმდა. თუმცა, მალევე, ზედა ინსტანციამ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა და გადაწყვიტა, საკითხის განხილვის დასრულებამდე ტარიფები ძალაში დარჩეს.

ტარიფების ძალაში დატოვების მოთხოვნა ტრამპის ადმინისტრაციამ დააყენა. მათი მოთხოვნით, ტარიფები სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა მოქმედებდეს. ცნობისთვის, ვაჭრობის საერთაშორისო სასამართლომ ტრამპის მიერ 2 აპრილს შემოღებული ტარიფები უკანონოდ მიიჩნია, რადგან, სასამართლოს განმარტებით, პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლებამოსილება, ტარიფები იმ კანონის თანახმად დაეწესებინა, რომლითაც იხელმძღვანელა.

მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ტარიფები ძალაში დატოვა, საქმის განხილვის დასრულების შემდეგ მისი ან უზენაესი სასამართლოს მიერ ვაჭრობის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში, ტრამპის ადმინისტრაციას ტარიფებით აღებული გადასახადების უკან დაბრუნება მოუწევს.

თეთრი სახლის პრესსპიკერის კაროლინ ლივიტის განცხადებით, სასამართლო განხილვების პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონკრეტულ ქვეყნებთან ტარიფების საბოლოო მოცულობის შეთანხმების შესახებ აქტიურად მუშაობს.

მოსალოდნელია, რომ ტარიფების უკანონობის შესახებ საბოლოო ვერდიქტის გამოტანა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს მოუწევს. თუმცა რა დრო დასჭირდება სასამართლოს ყველა ინსტანციის საბოლოოდ გავლას, ჯერჯერობით უცნობია.