აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დახმარებას უმცირებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დახმარებას უმცირებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 2025 ფისკალური წლის ბიუჯეტის მოთხოვნა გაუგზავნა. შეთავაზების თანახმად, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების მოცულობა 2025 წლისთვის შემცირდება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის საბიუჯეტო შეთავაზება ქვეყნის საზღვრებს გარეთ დასავლური ღირებულებების გავრცელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. აშშ-ის საერთაშორისო ძალისხმევა ეკონომიკის გაძლიერებას, ენერგო, საკვებისა და ჯანდაცვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლასა და მიგრაციის საკითხების მოგვარებას ითვალისწინებს. შესაბამისად, ამერიკელი ხალხის სახელით, აშშ ყოველწლიურად პარტნიორი სახელმწიფოებისთვის ამ და სხვა საკითხების მოგვარებაში დასახმარებლად კონკრეტული მოცულობის დახმარებას გამოყოფს.

საბიუჯეტო შეთავაზების თანახმად, 2025 ფისკალური წლისთვის საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება შემცირდა და $80 მილიონი შეადგინა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოსათვის მოთხოვნილი $80 მილიონი ქვეყანას დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარება, დააჩქარებს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და გააძლიერებს მავნე ზეგავლენის მიმართ მედეგობას. გარდა ამისა, დაფინანსება ქვეყნის ინსტიტუციურ განმტკიცებასა და საკანონმდებლო ინიციატივების ხელშეწყობას ითვალისწინებს. დახმარების მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოებას დემოკრატიულ ზედამხედველობაში და მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა სანდო და დამოუკიდებელ მედიაზე. გარდა ამისა, ფინანსური დახმარება პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობასა და აფხაზეთსა და ცხინვალთან შერიგების ძალისხმევის გაძლიერებასაც ითვალისწინებს. დოკუმენტში, ასევე ვკითხულობთ, რომ დახმარების შედეგად გაიზრდება ენერგოუსაფრთხოება და სუფთა ენერგიაზე წვდომა, განხორციელდება ეკონომიკური განვითარებისა და დივერსიფიკაციისათვის საჭირო რეფორმები, გაძლიერდება კიბერუსაფრთხოება და კიბერმედეგობა, გაიზრდება კერძო სექტორის კონკურენტულობა და სოფლის მეურნეობის წარმოების მოცულობაც. გარდა ამისა, მისი მიზანი სასაზღვრო უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული საკითხების გადაწყვეტაც გახლავთ.

შეგახსენებთ, 2022, 2023 და 2024 ფისკალურ წლებში საქართველოსათვის გამოყოფილი დახმარების მოცულობა $88 მილიონი იყო. ჯერჯერობით უცნობია მიზეზი, თუ რატომ შემცირდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარება თითქმის 10%-ით.

დოკუმენტის თანახმად, 2025 ფისკალურ წელს აშშ სომხეთისთვის $45 მილიონს, მოლდოვისთვის $55 მილიონს, უკრაინისთვის $250 მილიონს, უზბეკეთისთვის $31.8 მილიონს, ტაჯიკეთისთვის $28.9 მილიონს, ხოლო დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ჯამში $105.6 მილიონს გამოყოფს.