აშშ-ის საფონდო ინდექსები დაეცა | მიზეზი

აშშ-ის საფონდო ინდექსები დაეცა | მიზეზი

გრძელვადიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობამ, ოთხშაბათის მდგომარეობით, 5%-იან ზღვარს კვლავ გადააჭარბა. მიზეზი აშშ-ის სამთავრობო ობლიგაციების ადრეულ აუქციონზე დაბალი მოთხოვნა გახდა. შედეგად, აშშ-ის სამი ძირითადი ინდექსი – Dow Jones-ი, S&P 500-ი და Nasdaq-ი – დაეცა.

Dow Jones-ის სამრეწველო ინდექსი 817 პუნქტით, ანუ თითქმის 2%-ით დაეცა, ხოლო S&P 500-ისა და ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთული Nasdaq-ისა, შესაბამისად 1.6%-ითა და 1.4%-ით. გამომდინარე აქედან, სამივე საფონდო ინდექსმა, 21 აპრილის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგები დააფიქსირა.

Dow Jones-ის საფონდო ინდექსის ვარდნა, ძირითად შემთხვევაში, UnitedHealth-ის აქციების ღირებულების 5.7%-ით კლების გავლენით მოხდა. კომპანიის აქციების ფასი მას შემდეგ დაეცა, რაც The Guardian-მა UnitedHealth-ის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. გამოცემის თანახმად, UnitedHealth-ი მოხუცებულთა თავშესაფრებს თანხას უხდიდა, რათა პაციენტების საავადმყოფოში გადაყვანის სიხშირე შეემცირებინა. მოგვიანებით, UnitedHealth-მა ბრალდებები უარყო.

სხვა კომპანიებს შორის, რომელთა აქციების ღირებულება, ოთხშაბათის მდგომარეობით, ყველაზე მეტად დაეცა, არიან: Nike-ი (-4.1%), Apple-ი (-2.3%), Nvidia (-1.9%), Amazon-ი (-1.4%), Palantir-ი (-3.9%) და Tesla (-2.6%).

ოთხშაბათს, აშშ-ის 20-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობამ 5.1%-ს მიაღწია, რაც 2023 წლის 2 ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ხოლო 30-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ 5.08% შეადგინა, რაც მიმდინარე კვირაში მეორე შემთხვევაა, როდესაც გრძელვადიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ 5%-ს გადააჭარბა.

არსებული ინფორმაციით, ოთხშაბათს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 20-წლიანი ობლიგაციების აუქციონი ჩაატარა, რომლის ღირებულებამაც $16 მილიარდს მიაღწია. აშშ-ის ვალის შესაძენად ინვესტორების დაინტერესების მიზნით, მათ უფრო მაღალი შემოსავლიანობა შესთავაზეს. თუმცა ობლიგაციებზე მოთხოვნა მოსალოდნელზე გაცილებით დაბალი იყო.

ინვესტორებმა ობლიგაციებზე 5.04%-იანი შემოსავლიანობა მიიღეს, რაც 20-წლიანი ობლიგაციებისთვის, 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ცნობისთვის, სახაზინო დეპარტამენტის მონაცემებით, 15 მაისის მდგომარეობით, აშშ-ის ეროვნულმა ვალმა $36.2 ტრილიონ დოლარს მიაღწია.