აშშ-ის ფედერალური მთავრობა უკვე მეცხრე დღეა, „შათდაუნში“ იმყოფება და ძირითადი მიმართულებების ფუნქციონირება შეჩერებული აქვს. სენატში კი მთავრობის მუშაობის აღდგენის კანონპროექტი მეექვსედ ჩავარდა.
გუშინ აშშ-ის სენატში რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების მიერ წარმოდგენილ საბიუჯეტო გეგმას უყარეს კენჭი. რესპუბლიკელების გეგმამ 54 სენატორის მხარდაჭერა დაიმსახურა, 45-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი კანონპროექტის მისაღებად. კანონპროექტს მინიმუმ 60 მხარდამჭერი უნდა ჰყავდეს. დემოკრატი სენატორების გეგმას მხარი 47-მა კანონშემოქმედმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 52-მა მისცა.
საინტერესოა, რომ სენატში რესპუბლიკელები უმრავლესობას ფლობენ, თუმცა კანონპროექტის მისაღებად საჭირო 60 მანდატი არ გააჩნიათ. სანაცვლოდ, კონგრესში, სადაც რესპუბლიკელები ასევე უმრავლესობაში იმყოფებიან, კანონპროექტი დაამტკიცეს.
ახალ საბიუჯეტო გეგმაზე შეუთანხმებლობის გამო აშშ-ის მთავრობის „შათდაუნი“ კიდევ რამდენიმე დღით გაგრძელდება მანამ, სანამ რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები ბიუჯეტის საერთო გეგმაზე კონსენსუსს მიაღწევენ. ბიუჯეტის გეგმაზე შეთანხმების გარდა, საკამათო საკითხს წარმოადგენს „შათდაუნის“ პერიოდში ფედერალური მუშაკებისათვის ანაზღაურების საკითხიც.
ე.წ. „შათდაუნის“ დროს შეერთებული შტატების ფედერალური უწყებები მუშაობას წყვეტენ მანამ, სანამ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატა მათი სამომავლო დაფინანსების საკითხებზე შეთანხმდება. „შათდაუნი“ არ ეხება სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციებს, მათ შორის სამართალდამცავ უწყებებს.
სენატის მიერ ბიუჯეტის კანონპროექტის მიღების შემდეგ, კანონს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.
ცნობისათვის, ბოლოს „შათდაუნი“ აშშ-ში 2018 წელს, ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობისას მოხდა, რომელიც 30 დღის განმავლობაში გაგრძელდა.