ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, 21 ივნისს, ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმები განახორციელა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თეთრ სახლში გაკეთებული განცხადების თანახმად, აშშ-ის ბომბდამშენებმა იერიში ფორდოს, ნათანზისა და ისპაჰანის ბირთვულ ობიექტებზე მიიტანეს. ტრამპმა ოპერაცია „წარმატებულად“ შეაფასა და დასძინა, რომ თავდასხმების მიზანი თეირანის ბირთვული საფრთხის გაუვნებელყოფა იყო. „მსოფლიოში არ არსებობს არმია, რომელიც ამის გაკეთებას შეძლებდა. ახლა მშვიდობის დროა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ოპერაციის დასრულების შემდეგ.
21 ივნისს, ირანის ბირთვულ ობიექტებზე შეტევის მიტანიდან მალევე ტრამპმა პირველი კომენტარი Truth Social-ის საშუალებით გაავრცელა. ტრამპის ინფორმაციით, პირველ ობიექტზე, ფორდოს ურანის გამდიდრების ქარხანაზე, ბომბდამშენებით შეტევა სრული დატვირთვით განხორციელდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ირანი გააფრთხილა და საპასუხო ზომების შემთხვევაში, უფრო მასშტაბური თავდასხმებითაც დაემუქრა.
21 ივნისის საღამოს, ტრამპმა თეთრი სახლიდან მოკლე მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა „შესანიშნავ სამხედრო წარმატებად“ შეაფასა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებითვე, ირანს ახლა ორი გზა ჰქონდა, აერჩია ან მშვიდობა, ან ტრაგედია.
შეტევიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, გენერალმა დენ კეინმა განაცხადა, რომ B-2-ებით შეტევა მხოლოდ სატყუარა იყო და ყურადღების გადატანის მიზნით დაიგეგმა, ხოლო ბომბდამშენები ირანის მიმართულებით, საიდუმლოდ გაიგზავნა. მოგვიანებით მიმართვა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეტმაც გაავრცელა. ჰეგსეტმა „შუაღამის უროს“ „ზუსტი ოპერაცია“ უწოდა და განაცხადა, რომ შეტევების მიზანი „ირანში რეჟიმის ცვლილება“ არ ყოფილა.
ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Meet the Press-თან ისაუბრა. ვენსის თქმით, აშშ ომში არა ირანთან, არამედ თეირანის ბირთვულ პროგრამასთანაა, ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედროების განთავსება კი ქვეყნის ინტერესებში არ შედის. ვენსის შეფასებითვე, ამერიკას ახლა ჰყავს პრეზიდენტი, რომელმაც „რეალურად იცის, როგორ მიაღწიოს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებს“.
ვენსმა კონგრესის წევრების კრიტიკასაც უპასუხა, რომელთაც ადმინისტრაცია კონგრესის თანხმობის გარეშე დარტყმების განხორციელებისთვის დაგმეს და განაცხადა, რომ ბრალდება, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის უფლებამოსილებას სცდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
თუმცა აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე შეტევის შემდეგაც დაპირისპირება განახლდა. Associated Press-ის ინფორმაციით, შუადღის 12 საათზე ირანმა ისრაელში მდებარე სამიზნეების მიმართულებით დაახლოებით 40 რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაშავდა. პარალელურად, ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის ოთხ ქალაქში სამიზნეები დაბომბა. The New York Times-ის ცნობით, ისრაელის დარტყმების შედეგად ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის სულ მცირე შვიდი წევრი და ორი წვევამდელი დაიღუპა.
B-2 ბომბდამშენების აშშ-ში მშვიდობით დაბრუნების შემდეგ ტრამპმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და ამჟამად ირანში რეჟიმის შეცვლის პერსპექტივა წამოჭრა. „ტერმინის „რეჟიმის შეცვლის“ გამოყენება პოლიტიკურად კორექტული არაა. მაგრამ, თუ ირანის ამჟამინდელი რეჟიმი ქვეყნისთვის დიდების დაბრუნებას ვერ ახერხებს, რატომ არ უნდა შეიცვალოს ის? ??? MIGA!!!“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით ტრამპმა უკვე თანამგზავრის სურათებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებს დარტყმებისგან „მონუმენტური ზიანი“ მიადგათ. შეტევის შემდეგ ირანში არსებული მდგომარეობა IAEA-მაც შეაფასა და აღნიშნა, რომ აშშ-ის დარტყმების შედეგად, ირანის ბირთვული ობიექტების გარეთ რადიაციის დონის ზრდა არ დაფიქსირებულა.
ირანის არმიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ამირ ჰატამიმ ამერიკა ირანის სახელმწიფოს წინააღმდეგ „დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში“ დაადანაშაულა. ხოლო ქვეყნის სამხედრო წარმომადგენლებმა ამერიკა გააფრთხილეს, რომ დარტყმებს მათგან „გადამწყვეტი პასუხი“ მოჰყვებოდა. „ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი დანაშაულებრივ ქმედებას სჩადიოდნენ, გადამწყვეტ პასუხს იღებდნენ და ახლაც ასე იქნება“, – ციტირებს ირანის სახელმწიფო მედია ჰატამის სიტყვებს.
ცალკე სატელევიციო მიმართვაში კი ირანის სამხედრო პრესმდივანმა აშშ-ის პრეზიდენტს პირდაპირ მიმართა: „მოთამაშე ტრამპ, შენ შეგიძლია დაიწყო ეს ომი, მაგრამ ჩვენ ვიქნებით ისინი, ვინც მას დაასრულებს“.
უახლესი ცნობებით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, ორშაბათს, მოსკოვში ჩავიდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გამართავს. ჟურნალისტებთან საუბრისას არაღჩიმ აღნიშნა, რომ ირანი რუსეთთან კონსულტაციებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან მათ ქვეყნებს საერთო საფრთხეები და მოწინააღმდეგეები აერთიანებთ.
დარტყმებზე საუბრისას არაღჩიმ აღნიშნა, რომ აშშ-სა და ისრაელის ქმედებებს „სერიოზული შედეგები მოჰყვება, რაც პრობლემებს არა მხოლოდ ირანისა და რეგიონისთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისა და საერთაშორისო სამართლისთვისაც შექმნის“.
აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმები გააკრიტიკა პეკინმა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის ქმედება გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა და ახლო ამოსავლეთში ესკალაციის საფრთხეს ამწვავებს. გაეროში ჩინეთის ელჩმა, ფუ ცონგიმ კონფლიქტის მხარეებს, კერძოდ კი ისრაელს, ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
უკანასკნელი ცნობებით, ფორდოს ურანის მომპოვებელ ქარხანაზე რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთი შეტევა განხორციელდა, თუმცა ამჯერად ისრაელის მხრიდან. ამ ცნობების გავრცელებამდე, აშშ-ის დარტყმებზე კომენტარი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ გააკეთა და განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე შეტევები, სავარაუდოდ, ვიბრაციისადმი სენსიტიური ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ტერიტორიას „ძალიან მნიშვნელოვან ზიანს“ მიაყენებს.