აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რომელშიც უმრავლესობას რესპუბლიკელები იკავებენ, ისრაელისთვის $14.3-მილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცებას მხარი დაუჭირა. თუმცა კანონპროექტი სავარაუდოდ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს დემოკრატების მიერ კონტროლირებად სენატში, რადგანაც დახმარების კომპენსირებას შიდა სახელმწიფო შემოსავლების სამსახურისგან თანხების შემცირებით ითვალისწინებს.
პალატამ კანონპროექტი 226 ხმით დაამტკიცა, 196-ის წინააღმდეგ – ორი რესპუბლიკელი წინააღმდეგი იყო, ხოლო თორმეტმა დემოკრატმა დახმარების პაკეტს მხარი დაუჭირა. ისრაელისთვის დახმარების პაკეტი პირველი ძირითადი კანონპროექტია, რომელიც ახლად არჩეული პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონის ხელმძღვანელობით იქნა მიღებული. ჯონსონი ტერორიზმთან ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას „გადაუდებელ და სასწრაფო საჭიროებად“ აფასებდა.
სენატის დემოკრატთა ლიდერი ჩაკ შუმერი პალატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს „სრულად არასერიოზულს და დამამწუხრებლად არაადეკვატურს“ უწოდებს, რადგან ის მოიცავს უკრაინასა და ინდოეთ-წყნარ ოკეანეთს და არც ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს ღაზისთვის. შესაბამისად, სენატის დემოკრატები კანონპროექტის მხარდაჭერას არ გეგმავენ.
კანონპროექტის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა სენატის უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმაც (R-Ky.) მის ნაცვლად კი მაკკონელმა მოითხოვა პაკეტი, რომელიც დახმარებას გაუწევს როგორც ისრაელს, ასევე უკრაინას.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაკეტი სენატის წინააღმდეგობას დაძლევს, თეთრი სახლის განცხადებით, მას ვეტოს უკვე პრეზიდენტი ბაიდენი დაადებს იმ შემთხვევაში თუ ის დახმარებას მხოლოდ ისრაელისთვის უზრუნველყოფს და არა ისრაელისა და უკრაინისთვის.