ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების 2025 წლის რეიტინგი – Global 2000 გამოაქვეყნა. რეიტინგი გაყიდვების, მოგების, აქტივებისა და საბაზრო ღირებულების მიხედვითაა შედგენილი. მონაცემები აღებულია 2025 წლის 25 აპრილის მდგომარეობით.
დონალდ ტრამპის ტარიფებით გამოწვეული ეკონომიკური არასტაბილურობისა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად, ზემოხსენებული ოთხივე მიმართულებით წელს რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა – 52.9 ტრილიონი აშშ დოლარით შემოსავლებში, 4.9 ტრილიონი აშშ დოლარით მოგებაში, 242.2 ტრილიონი აშშ დოლარით აქტივებში და 91.3 ტრილიონი აშშ დოლარით საბაზრო კაპიტალიზაციაში.
მოგების, საბაზრო ღირებულებისა და აქტივების ეს მაჩვენებლები ბოლო 20 წლის განმავლობაში მინიმუმ სამჯერ მაინც გაიზარდა, ამავე პერიოდში გაყიდვების ჯამურმა მაჩვენებელმა 140%-ით მოიმატა, რაც აჩვენებს, თუ რამდენად შეუწყო ხელი გლობალიზაციამ მსოფლიოს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის ზრდას. Global 2000-ში აშშ-ში დაფუძნებული 612 კომპანია შედის. აშშ-ის უახლოესი კონკურენტი, ჩინეთი კი, სიაში 317 კომპანიით არის წარმოდგენილი.
2003 წელს Global 2000-ის პირველ სიაში შეერთებულ შტატებში დაფუძნებული 776 კომპანია შევიდა. ეს რიცხვი 2010 წელს მკვეთრად შემცირდა და 536-მდე ჩამოვიდა. ამან გააჩინა ეჭვები, იმყოფებოდა თუ არა აშშ, მსოფლიოს ეკონომიკური ზესახელმწიფო, დაცემის მდგომარეობაში. თუმცა, ბოლო 15 წლის განმავლობაში, ქვეყანამ ეკონომიკური ზრდის წყალობით ეს ეჭვები გააქარწყლა და დაადასტურა, რომ მას მხოლოდ მოკლევადიანი ჩავარდნები ჰქონდა.
Forbes Global 2000-ის რეიტინგში პირველ ადგილსაც სწორედ ამერიკის უდიდესი ბანკი, JPMorgan-ი იკავებს. ის ლიდერობას ზედიზედ მესამე წელია, არ თმობს. JPMorgan-ის გაყიდვები 285 მილიარდ დოლარს უტოლდება, მოგება 59 მილიარდი დოლარია, აქტივების ღირებულება 4.4 ტრილიონ დოლარს შეადგენს, საბაზრო კაპიტალიზაცია კი – 678 მილიარდ დოლარს. ამჟამად კომპანიის ეს მაჩვენებლები ყველა დროის მაქსიმუმზეა.
2025 წლის Global 2000-ის ტოპ-10-ში ექვსი ამერიკული კომპანიაა – Berkshire Hathaway, Amazon-ი, Bank of America, Microsoft-ი, Alphabet-ი და უკვე ნახსენები JPMorgan-ი. ტოპ-25-დან კი შეერთებულ შტატებში 15 კომპანიაა დაფუძნებული. ამ კონცენტრაციის დიდი ნაწილი საფონდო ბირჟების აღმასვლის დამსახურებაა. მსოფლიოს ტრილიონ დოლარიანი რვა კომპანიიდან შვიდი აშშ-შია დაფუძნებული (ენერგეტიკული გიგანტი Saudi Aramco ერთადერთი გამონაკლისია).
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში შემავალი 612 ამერიკული კომპანიის საბაზრო ღირებულება ჯამში 50 ტრილიონ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, სიის 2000-ვე კომპანიის ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია 91 ტრილიონ დოლარს უტოლდება.
დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ შესაძლოა წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში მეტი გაურკვევლობა და არასტაბილურობა შექმნას, რაც მომავლის პროგნოზირებას ართულებს. ბევრმა აღმასრულებელმა დირექტორმა ტარიფები დაუფარავად გააკრიტიკა. მათ შორის არის JPMorgan-ის ჯეიმი დაიმონი, რომელმაც თავის ყოველწლიურ წერილში ინფლაციის გაზრდილ რისკებსა და ეკონომიკის ზრდის შენელების მოლოდინზე ისაუბრა. Walmart-ის დაგ მაკმილონმა კი პირველი კვარტლის შემოსავლების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებისას თქვა, რომ მაღალი ტარიფები ფასების ზრდას გამოიწვევს. Berkshire-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, უორენ ბაფეტმა კომპანიის ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ვაჭრობა იარაღი არ უნდა იყოს“.
ბიზნესლიდერები, რომლებიც ლოკალური თუ გლობალური გავლენის ზრდის ტრაექტორიის გასაგრძელებლად გადასახადების შემცირებისა და რეგულაციების შემსუბუქების ეპოქას ელოდნენ, ტრამპის მიერ ეკონომიკურ პოპულიზმსა და იზოლაციონიზმზე ფოკუსირებით იმედგაცრუებულნი დარჩნენ.
ეკონომიკურმა გაურკვევლობამ მნიშვნელოვანი IPO-ების დეფიციტიც გამოიწვია. სიაში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ახალი ამერიკული კომპანია, ვირჯინიის შტატის ქალაქ არლინგტონში დაფუძნებული ბუნებრივი აირის ექსპორტიორი Venture Global-ია, რომელიც 870-ე ადგილზეა. იანვრის IPO-ს შემდეგ მისი აქციების ღირებულება 70%-ით დაეცა. ხელოვნური ინტელექტის ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ფირმა CoreWeave-ი, რომელიც მარტში საჯარო კომპანია გახდა, 1799-ე ადგილზეა, თუმცა, სავარაუდოდ, ის გაცილებით წინ იქნებოდა, რომ არა სიაში შეტანის ბოლო ვადა – 25 აპრილი. ამ თარიღის შემდეგ კომპანიის აქციების ფასი 250%-ით გაიზარდა და მიმდინარე საბაზრო კაპიტალიზაცია 70 მილიარდ დოლარს შეადგენს.
Global 2000-ში შემავალი ტოპ-10 კომპანიიდან ექვსი აშშ-ში მდებარეობს
ადგილი | სახელი | სათავო ოფისი | ინდუსტრია | გაყიდვები | მოგება | აქტივები | საბაზრო ღირებულება |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | JPMorganChase | შეერთებული შტატები | ბანკინგი | $285.11 მლრდ | $59.36 მლრდ | $4,357.86 მლრდ | $677.8 მლრდ |
2 | Berkshire Hathaway | შეერთებული შტატები | დაზღვევა | $371.43 მლრდ | $89 მლრდ | $1,153.88 მლრდ | $1,145.46 მლრდ |
3 | ICBC | ჩინეთი | ბანკინგი | $221.96 მლრდ | $50.84 მლრდ | $6,688.6 მლრდ | $251.33 მლრდ |
4 | Saudi Aramco Oil Company | საუდის არაბეთი | ნავთობი და გაზი | $480.15 მლრდ | $104.97 მლრდ | $645.03 მლრდ | $1,663.38 მლრდ |
5 | Amazon | შეერთებული შტატები | საცალო ვაჭრობა | $637.96 მლრდ | $59.25 მლრდ | $624.89 მლრდ | $2,005.64 მლრდ |
6 | Bank of America | შეერთებული შტატები | ბანკინგი | $196.53 მლრდ | $27.85 მლრდ | $3,349.42 მლრდ | $300.06 მლრდ |
7 | China Construction Bank | ჩინეთი | ბანკინგი | $196.71 მლრდ | $46.64 მლრდ | $5,558.26 მლრდ | $219.81 მლრდ |
8 | Agricultural Bank of China | ჩინეთი | ბანკინგი | $198.02 მლრდ | $39.2 მლრდ | $5,923.64 მლრდ | $212.51 მლრდ |
9 | Alphabet | შეერთებული შტატები | IT პროგრამული უზრუნველყოფა | $359.31 მლრდ | $111 მლრდ | $475.37 მლრდ | $1,973.64 მლრდ |
9 | Microsoft | შეერთებული შტატები | IT პროგრამული უზრუნველყოფა | $261.8 მლრდ | $92.75 მლრდ | $533.9 მლრდ | $2,913.01 მლრდ |