აშშ-მა 20 ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვიზის გაცემა აიკრძალება მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზეა პასუხისმგებელი ან ამ პროცესის თანამონაწილეა.
როგორც ირკვევა, სანქციები შეეხება მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებს, უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებსა და კერძო პირებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მიერ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მომიტინგეების, მედიის წევრების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან, რომელიც ქართველი ხალხის სურვილს გამოხატავს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
განცხადების ბოლოს აღნიშნულია, რომ აშშ დამატებითი ზომებისთვის, მათ შორის სანქციებისთვის ემზადება, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. „ჩვენ გვინდა ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მტკიცედ ინტეგრირებული“, – დასძენს სახელმწიფო დეპარტამენტი.
შეგახსენებთ, აშშ-მა „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ 100-ზე მეტ პიროვნებასა და მათი ოჯახის წევრებს შეზღუდვები უკვე დაუწესა.