აშშ-მა და ჩინეთმა TikTok-ზე შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და ჩინეთმა TikTok-ზე შეთანხმებას მიაღწიეს

დასავლური წყაროების ცნობით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ტრამპის მიერ დამტკიცებულ ინვესტორთა ჯგუფს, მათ შორის Oracle-ს, TikTok-ის ამერიკული ოპერაციების მართვის უფლებამოსილებას მიანიჭებს. შედეგად, TikTok-ის აპლიკაცია, აკრძალვის საფრთხის გარეშე, აშშ-ში ფუნქციონირებას განუსაზღვრელი ვადით გააგრძელებს.

TikTok-ის ამერიკული ოპერაციების მართვისთვის განკუთვნილ ახალ კომპანიაში, რომელიც TikTok USDS Joint Venture-ის სახელითაა ცნობილი, საკონტროლო წილი ტექნოლოგიურ გიგანტ Oracle-ს, კერძო სააქციო კომპანია Silver Lake-სა და აბუ-დაბიში დაფუძნებულ საინვესტიციო ფირმა MGX-ს ექნებათ. თითოეულ მათგანზე 15-15%-იანი წილი განაწილდება. დამატებით კი, Oracle-ი ტეხასში მდებარე საკუთარი ობიექტებიდან მომხმარებელთა მონაცემებს გააკონტროლებს. სავარაუდოდ, ერთობლივი საწარმოს მიერ გადამზადდება და განახლდება TikTok-ის კონტენტის რეკომენდაციის ალგორითმიც.

ერთობლივი საწარმო დამოუკიდებლად იმუშავებს და შვიდი წევრისგან შემდგარ დირექტორთა საბჭოს დაექვემდებარება, რომელშიც შედიან: Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი კენეტ გლიუკი, Silver Lake-ის თანააღმასრულებელი დირექტორი ეგონ დურბანი და MGX-ის სტრატეგიისა და უსაფრთხოების მთავარი ოფიცერი დევიდ სკოტი, ადამ პრესერი – TikTok-ის ოპერაციების, ნდობისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელი და Warner Bros.-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი – TikTok-ის ამერიკული ბიზნესის CEO გახდება.

TikTok-ის ამერიკულ ოპერაციებზე შეთანხმების მიღწევას სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა: „ძალიან მიხარია, რომ TikTok-ის გადარჩენაში წვლილი შევიტანე. ის ახლა ამერიკელი პარტნიორებისა და ინვესტორების, მსოფლიოში უდიდესი ჯგუფის საკუთრება გახდება და დიდი მნიშვნელობის მქონე ხმად იქცევა“. იმავე განცხადებაში პრეზიდენტმა ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეთანხმების მიღწევაში თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.