აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოში პალესტინის სრულფასოვან წევრობას ვეტო დაადო

აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოში პალესტინის სრულფასოვან წევრობას ვეტო დაადო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოში, პალესტინისთვის სრულფასოვანი წევრობის მინიჭების მოთხოვნას ვეტო დაადო. შედეგად, აშშ-მა ფაქტობრივად პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხიც დაბლოკა.

შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო რეზოლუციას, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 193 ქვეყანას „პალესტინის სახელმწიფოს გაეროში გაწევრიანების“ რეკომენდაციას აძლევს. რეზოლუციის პროექტს მხარი საბჭოს 12 წევრმა დაუჭირა, გაერთიანებულმა სამეფომ და შვეიცარიამ კი თავი შეიკავა.

„ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას. ვეტოს გამოყენება არ ნიშნავს იმას, რომ აშშ ეწინააღმდეგება პალესტინის სახელმწიფოს იდეას, პირიქით, მხარს უჭერს მას, თუმცა მხოლოდ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით“, – განაცხადა გაეროში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, რობერტ ვუდმა. თავის მხრივ კი პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა აშშ-ის გადაწყვეტილება დაგმო და მას „უსამართლო, არაეთიკური და გაუმართლებელი“ უწოდა.

პალესტინელი ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის ვეტო მათ გადაწყვეტილებას არ შეცვლის და ისინი კვლავ გააგრძელებენ ბრძოლას სრულფასოვანი წევრის სტატუსის მოსაპოვებლად. გაეროში კენჭისყრას გამოეხმაურა ისრაელის მხარეც. ორგანიზაციაში ისრაელის ელჩმა რეზოლუციის მხარდამჭერ 12 წევს მიმართა და გააფრთხილა, რომ მათი ხმა კიდევ უფრო შეუძლებელს გახდის მშვიდობის დამყარებას.

პალესტინა ამჟამად არაწევრი, ე.წ. დამკვირვებელი სახელმწიფოა, რომლის სახელმწიფოებრიობა გენერალურმა ასამბლეამ დე ფაქტო 2012 წელს აღიარა. აპლიკანტისათვის გაეროს სრულუფლებიანი წევრობის მისანიჭებლად გაეროს უშიშროების საბჭოსა და გაეროს ასამბლეის 2/3-ის თანხმობაა საჭირო.