აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უკრაინასთან დაკავშირებული მიზეზებით, თავისი საპრეზიდენტო მეორე ვადაში პირველად, რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს სანქციები დაუწესა. როგორც ირკვევა, შეზღუდვები შეეხება ქვეყნის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას – „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყება მზადაა, დამატებითი ზომების მისაღებადაც, თუ მოსკოვი უკრაინაში მიმდინარე ომში ცეცხლის შეწყვეტას დაუყოვნებლივ არ დათანხმდება.
„იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი პუტინი უარს ამბობს ამ უაზრო ომის დასრულებაზე, ფინანსთა სამინისტრო სანქციებს უწესებს რუსეთის ორ უდიდეს ნავთობკომპანიას, რომლებიც კრემლის საომარ მანქანას აფინანსებენ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა – „ჩვენ მოვუწოდებთ მოკავშირეებს, შემოგვიერთდნენ და ეს სანქციები დაიცვან“.
ეს ნაბიჯი ტრამპის პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს, რადგან მას აქამდე რუსეთისთვის უკრაინაში ომის გამო სანქციები არ დაუწესებია და ძირითადად სავაჭრო ბერკეტებს ეყრდნობოდა. სამაგიეროდ, ტრამპმა ინდური საქონლის იმპორტზე 25%-იანი ტარიფები დააწესა, როგორც პასუხი ქვეყნის მიერ რუსული ნავთობის შეძენაზე.
თუმცა მსგავსი ზომები არ მიუღია ჩინეთისთვის წინააღმდეგ, რომელიც რუსული ნავთობის ერთ-ერთ მთავარ შემსყიდველად რჩება.
შეგახსენებთ, გასულ კვირას „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დააწესა.