აშშ-მა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი, ვენესუელასთან დაკავშირებული ტანკერები დააკავა

აშშ-მა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი, ვენესუელასთან დაკავშირებული ტანკერები დააკავა

აშშ-ის სანაპირო დაცვის შესაბამისმა დანაყოფებმა ატლანტის ოკეანეში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი, ვენესუელასთან დაკავშირებული ორი ტანკერი დააკავეს. აღნიშნული ქმედება დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი მკაცრი პოლიტიკის გამოვლინებაა და ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ვითარების ესკალაციის კიდევ ერთ ეტაპს წარმოადგენს.

ცნობისათვის, ვენესუელაში მიმავალი და ქვეყნიდან წამოსული დასანქცირებული ტანკერები ამერიკული მეთვალყურეობისა და ბლოკადის ქვეშაა. ნავთობტანკერ „მარინერას“ დაკავების ორდერი აშშ-ის სანაპირო დაცვისა და სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებმა გემთან დაკავშირებული რამდენიმეკვირიანი გაურკვევლობის შემდეგ მიიღეს.

„მარინერა“ და „ემ სოფია“ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებია, რომლებიც ვენესუელიდან და ირანიდან ნავთობის გადაზიდვის გამო სანქციების ქვეშ მოექცნენ.  საინტერესოა, რომ „მარინერამ“ სახელი რამდენიმე კვირის წინ შეიცვალა, მანამდე ის „ბელა-1“-ის სახელით გადაადგილდებოდა. რუსეთის დროშამდე ტანკერი გაიანის დროშის ქვეშ დაცურავდა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ გემი გაიანაში ოფიციალურად დარეგისტრირებული არ იყო. სწორედ ამის შემდეგ გემის ეკიპაჟმა ტანკერს სახელი გადაარქვა და რუსეთის დროშა აღმართა.

ტანკერი აშშ-ის სანაპირო დაცვამ კუნძულ ისლანდიასთან ახლოს დააკავა. თითქმის ერთთვიანი ამერიკული ბლოკადის გარღვევის შემდეგ გემი კარიბის ზღვიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით დაიძრა. გემის დაკავების საფრთხის გამო, მას მეგზურობას რუსული წყალქვეშა ნავი უწევდა. შეერთებული შტატების მიერ ტანკერის დაკავება კონფრონტაციის რისკს ზრდიდა, თუმცა გემის აყვანის გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

გემის დაკავებიდან მალევე, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ღია წყაროებში არსებული ინფორმაციით, ტანკერის ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს ექვსი მოქალაქე იმყოფება, რომელთაგან ერთ-ერთი, გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანია.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.