აშშ-მა რუსული ნავთობის შესყიდვაზე სანქციები 30 დღით მოხსნა

აშშ-მა რუსული ნავთობის შესყიდვაზე სანქციები 30 დღით მოხსნა

ფოტო: Chris McGrath/Getty Images

 

აშშ-ის სახაზინო მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ირანთან ომის გამო გლობალური ენერგობაზრებისთვის მიყენებული ზიანის დასასტაბილურებლად, შეერთებულმა შტატებმა სანქცირებული რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვის 30-დღიანი გამონაკლისი გამოაცხადა.

ვაშინგტონის მიერ გამოცემული საგამონაკლისო ლიცენზია გემებზე დატვირთული რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებისა და გაყიდვის უფლებამოსილებას იძლევა. ლიცენზია ძალაში შევიდა 12 მარტს და 11 აპრილამდე გაგრძელდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება შეერთებულმა შტატებმა ნავთობის ფასების კიდევ უფრო ზრდის პრევენციისათვის მიიღო. შეგახსენებთ, 28 თებერვალს ისრაელისა და აშშ-ის კოალიციის ირანზე თავდასხმის შემდეგ, ამ უკანასკნელმა საპასუხო ზომად ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა აირჩია. აღნიშნულ სრუტეზე კი გლობალური ნავთობგადაზიდვების 20% მოდის.

Fox News-ის ინფორმაციით, გუშინდელი დღის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით, 30 სხვადასხვა ლოკაციაზე 124 მილიონი ბარელი რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერი დგას. აშშ-ის საგამონაკლისო ლიცენზიით დაშვებული აღნიშნული მოცულობის ნავთობი კი დაახლოებით 6 დღის სამყოფია.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ აშშ-მა გამოაცხადა, რომ ფასების დასტაბილურებისათვის ნავთობის სტრატეგიული რეზერვიდან 172 მილიონ ბარელ ნავთობს გასცემს. აღნიშნული ნაბიჯი ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს 32 წევრ სახელმწიფოსთან ერთად მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილების ნაწილია, მთლიანობაში სტრატეგიული რეზერვებიდან 400 მილიონი ბარელი ნავთობის გაცემასთან დაკავშირებით.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, რეგიონში მიმდინარე ომი მსოფლიო ისტორიაში ნავთობის მიწოდების ყველაზე დიდ შეფერხებას წარმოშობს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა 30-დღიანი საგამონაკლისო ლიცენზია სანქცირებული რუსული ნავთობის შესყიდვაზე 5 მარტს ინდოეთისთვისაც გამოსცა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.