აშშ-მა ვენესუელური ნავთობის პირველი პარტია $500 მილიონად გაყიდა

აშშ-მა ვენესუელური ნავთობის პირველი პარტია $500 მილიონად გაყიდა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელური ნავთობის პირველი პარტიის გაყიდვა დაასრულა. როგორც ამერიკული გამოცემა CNN-ი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, პირველ ეტაპზე გაყიდული ვენესუელური ნავთობის ღირებულება $500 მილიონია.

აშშ-ის მიერ ვენესუელური ნავთობის გაყიდვის დაწყება ამ თვის დასაწყისში კარაკასსა და ვაშინგტონს შორის გაფორმებული შეთანხმების ნაწილია. ხელშეკრულების პირობებით, ვენესუელამ აშშ-ისთვის $2 მილიარდის ღირებულების ნავთობის მიწოდების ვალდებულება აიღო. CNN-ის ცნობით, ვენესუელური ნავთობის გაყიდვის პროცესი ეტაპობრივად, უახლოეს დღეებსა თუ კვირებში გაგრძელდება.

ვენესუელის ნავთობის უზარმაზარი მარაგების გამოყენების შესახებ ტრამპმა 3 იანვრის ღამით, დედაქალაქ კარაკასში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შემდეგ განაცხადა. სპეცოპერაციის ფარგლებში, აშშ-ის მხარემ ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავა. მადურო ამჟამად ბრუკლინში მდებარე მეტროპოლიტენის დაკავების ცენტრშია მოთავსებული.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ტრამპმა პარასკევს ვენესუელის ენერგოსექტორის აღსადგენად $100 მილიარდის ინვესტიცია დააანონსა. თუმცა მის გეგმებს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა თავად ამერიკის ენერგოსექტორში.

მათ შორის, ვენესუელასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა ExxonMobil-ის აღმასრულებელი დირექტორი დარენ ვუდსი. ვენესუელაში ბიზნესის წარმოების დაბრკოლებებზე საუბრისას, ვუდსმა ყურადღება გაამახვილა იმ სამართლებრივ და კომერციულ ბარიერებზე, რომლებიც კომპანიებისთვის ვენესუელაში ინვესტირებისა და მოგების მიღების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.