აშშ ორ ევროპულ კომპანიას ვენესუელიდან ნავთობის გატანის უფლებას აძლევს

აშშ ორ ევროპულ კომპანიას ვენესუელიდან ნავთობის გატანის უფლებას აძლევს

აშშ-ის მთავრობამ იტალიურ ნავთობკომპანია ENI SpA-სა და ესპანურ Repsol-ს ვენესუელიდან ნავთობის გატანის და ევროკავშირის მომარაგების უფლება მისცა, ინფორმაციას ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კონტრაქტით განსაზღვრული ნავთობის მოცულობა მცირეა და ის საერთაშორისო ფასზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ქმედება არსებითად განსხვავებულია ვენესუელის წინააღმდეგ აქამდე არსებულ სანქციების რეჟიმთან შედარებით და ის, შესაძლოა, ახალი ეკონომიკური ურთიერთობის დასაწყისი აღმოჩნდეს.

საგულისხმოა, რომ ზემოხსენებული ტრანზაქციით ვენესუელის სახელმწიფო ენერგოკომპანია – PDSVA პირდაპირ ფინანსურ სარგებელს ვერ მიიღებს, რადგან ექსპორტირებული ნავთობის ღირებულება ვენესუელის მთავრობის მიერ გადაუხდელი ვალდებულებების გამოსაქვითად იქნება გამოყენებული.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის მთავრობა ვენესუელის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემსუბუქებას გეგმავდა, ჯერ კიდევ გასულ თვეს გავრცელდა.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განმარტებით, აშშ არ გეგმავს სანქციების სრულად გაუქმებას და ვენესუელასთან სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავებას, ვინაიდან, ნავთობის ექსპორტზე დაწესებული სანქციების შემსუბუქების განმაპირობებელი ძირითად მიზეზი ევროპის მასშტაბით არსებული ენერგეტიკული კრიზისია, რომელსაც რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა კიდევ უფრო მეტად ამწვავებს, და არც ვენესუელის მთავრობის მიერ პოზიციის ცვლილება.