აშშ-სა და ავსტრალიას შორის იშვიათ მიწათა მინერალებზე შეთანხმება გაფორმდა

აშშ-სა და ავსტრალიას შორის იშვიათ მიწათა მინერალებზე შეთანხმება გაფორმდა

ვაშინგტონში, თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ იშვიათი და კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ავსტრალიასთან მიღწეული გარიგება იშვიათ მიწათა მინერალებზე აშშ-ის წვდომას გაზრდის, რაც ჩინეთის საპასუხო, მკაცრი საექსპორტო პოლიტიკის ფონზე, ქვეყნისთვის განსაკუთრებით აქტუალური საკითხი გახდა.

შეთანხმების პირობებით, მხარეები ავსტრალიაში, მაღაროებისა და გადამმუშავებელი ობიეტების პროექტების ფართო სპექტრში ერთობლივ ინვესტიციებს განახორციელებენ, რაც ელექტრომობილებისთვის, ნახევარგამტარებისა და გამანადგურებლებისთვის საჭირო მასალების წარმოებას გაზრდის. ალბანეზეს განცხადებით, ქვეყანას $8.5 მილიონის ღირებულების მილსადენი აქვს, რომელიც „მზად არის გამოსაყენებლად“.

თეთრ სახლში გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, აშშ-მა და ავსტრალიამ პირობა დადეს, რომ მიიღებენ სავაჭრო სტანდარტებს და დაიცავენ ადგილობრივ ბაზრებს „უსამართლო სავაჭრო პრაქტიკისგან“. მათ შორის მიიღებენ „ფასების ზღვრულ დონეს ან მსგავსი ტიპის ზომებს“. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, საწყისი პროექტებისთვის, მომდევნო ექვს თვეში მხარეები $1 მილიარდზე მეტის ინვესტიციას განახორციელებენ. ხოლო შემდგომ წლებში, შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტები უკვე ორივე ქვეყანაში განხორციელდება.

„დაახლოებით ერთ წელიწადში ჩვენ გვექნება იმ რაოდენობის კრიტიკული მინერალი, რომ არც კი გვეცოდინება, თუ რისთვის უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. თეთრი სახლის ცნობით, პენტაგონი ავსტრალიის დასავლეთით, Alcoa-Sojitz გალიუმის ქარხნის მშენებლობის დაფინანსებაშიც შეიტანს წვლილს. აღნიშნული ქარხნის წლიური მოცულობა 100 ტონაა.

ეს შეხვედრა, თეთრ სახლში ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ალბანეზეს პირველი ვიზიტია აშშ-ში. ავსტრალიის ლიდერი ცდილობს გააძლიეროს კავშირები აშშ-სთან თავისი ქვეყნის მინერალური სიმდიდრის გამოყენებით.

თავის მხრივ, აშშ-ის მიერ დაწესებული მაღალი ტარიფების საპასუხოდ, ჩინეთის მთავრობამ წელს შვიდ იშვიათ მიწათა ელემენტსა და მაგნიტზე ექსპორტის შეზღუდვები დააწესა. ეს ნაბიჯი გლობალური მიწოდების ჯაჭვს საფრთხის ქვეშ აყენებდა, რადგან იშვიათი მიწათა ელემენტების საწარმოების 70%-ზე მეტი ჩინეთშია განთავსებული. მათი 90%-ზე მეტის გადამუშავებას ასევე ჩინეთი უზრუნველყოფს.

აშშ-სა და ავსტრალიას შორის მიღწეულ შეთანხმებას პეკინში გამართულ რეგულარულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი კუო ძიაკუნი. მისი განცხადებით, კრიტიკული მინერალებით მდიდარმა ქვეყნებმა აქტიური როლი უნდა შეასრულონ სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ასევე სტაბილური ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის დაცვაში.

ცნობისთვის, ავსტრალია მსოფლიოში სიდიდით მეოთხე, იშვიათი მიწათა ლითონების საბადოებს ფლობს. გარდა ამისა, ავსტრალია ჩინეთთან ერთად, ე.წ. მძიმე იშვიათ მიწათა ლითონების Lynas Rare Earths Ltd-ის მეშვეობით მწარმოებელი ერთადერთი ბაზაა.