აშშ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა - რას ვყიდით და ვყიდულობთ?

აშშ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა - რას ვყიდით და ვყიდულობთ?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 18.54 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.1%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 5.15 მილიარდი აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 7.7%-ით), ხოლო იმპორტი – 13.39 მილიარდი აშშ დოლარი (გაიზარდა 9.7%-ით). შესაბამისად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 8.24 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.4%-ია.

საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის ამერიკის შეერთებული შტატები 2.12 მილიარდი აშშ დოლარით მეორე ადგილს იკავებს. იმპორტში ის პირველ პოზიციაზეა 2.06 მილიონი აშშ დოლარით, თუმცა ექსპორტში ათეულს მიღმაა. საანგარიშო პერიოდში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებული საქონლის ღირებულება სულ 67.03 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. საქსტატის ცნობით, იმპორტი 38%-ით არის გაზრდილი.

საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებიდან ფეროშენადნობები ლიდერობს 21.72 მილიონი აშშ დოლარით, მეორე ადგილზე, 9.40 მილიონით, შავი ლითონების უნაკერო მილები, მილაკები და ღრუ პროფილებია, მესამეზე კი – საფრენი აპარატების ნაწილები, რომელთა ექსპორტის ღირებულებამ 8.21 მილიონი შეადგინა. ხუთეულს ასრულებს სასაქონლო ჯგუფები: ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ყურძნის ნატურალური ღვინოები, შესაბამისად, 5 მილიონი აშშ დოლარითა და 4.53 მილიონი აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, აქ მსუბუქი ავტომობილები (ცალი) ლიდერობს, რომელთა იმპორტის ღირებულებამ 1.68 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. მეორე ადგილზე სურათები, ნახატები და პასტელებია (ხელით შესრულებული) 167.61 მილიონი აშშ დოლარით, მესამე პოზიციას კი ჯგუფი – ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი, ტურბინები აირის – 30.75 მილიონი აშშ დოლარით. ხუთეულს ასრულებს ქანდაკებების და სტატუეტების დედნები ნებისმიერი მასალისაგან და თხილი და სხვა კაკალი, შესაბამისად, 30.56 მილიონი და 29.79 მილიონი აშშ დოლარით.