აშშ-ში კოლეჯის გადასახადის 169%-იანი ზრდა შემოსავლის მხოლოდ 19%-იან ზრდას უტოლდება

აშშ-ში კოლეჯის გადასახადის 169%-იანი ზრდა შემოსავლის მხოლოდ 19%-იან ზრდას უტოლდება

მიმდინარე მონაცემებით, აშშ-ში ტიპური კოლეჯის ხარჯები, რაც სწავლის გადასახადის, ასევე საცხოვრებლის, სასწავლო მასალებისა და სხვადასხვა დანახარჯს აერთიანებს, სახელმწიფო კოლეჯებისთვის $27,330-დან, ხოლო კერძო დაწესებულებების სტუდენტებისთვის $55,800-დან განისაზღვრება. თუმცა, სტიპენდიებისა და გრანტების გათვალისწინებით, ხარჯები, შესაბამისად, $2,640 და $14,990-მდე მცირდება. აშშ-ის აღწერის, შრომის სტატისტიკის ბიუროსა და განათლების სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კოლეჯის ხარჯები 1980-დან 2019 წლამდე 169%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც შემოსავალი 22-27 წლის ასაკის დასაქმებულთათვის მხოლოდ 19%-ითაა გაზრდილი.

პანდემიის პერიოდში უმაღლესი განათლების მიღების გაზრდასთან ერთად კოლეჯების ხარჯების ზრდის შენელების მიუხედავად,  ჯორჯტაუნის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ხაზს უსვამს შესამჩნევ სხვაობას ახალგაზრდების მიერ განათლების მიღებაში ჩადებული და შემდგომში მათ მიერ გამომუშავებული თანხის მოცულობებს შორის. ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის მოხსენება „If Not Now, When?“ იმ ტენდენციებს ამსხვრევს, რომლებიც 1980 წლის შემდეგ, დასაქმებულების განათლებიდან სამუშაო ძალაზე გადასვლას უშლის ხელს. ანგარიშის თანახმად, დღეს სამიდან ორი სამუშაო პოზიცია უმაღლეს განათლებას საჭიროებს, მაშინ როცა 1970-იან წლებში ოთხი სამუშაოდან სამი მოითხოვდა სკოლის დიპლომს ან ნაკლებ კვალიფიკაციას. ამის მიუხედავად, კოლეჯში განათლების მიღება ახლა ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე წარსულში, ახალგაზრდებს კი შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად შესაბამისი განათლების მიღება ესაჭიროებათ.

საგულისხმოა, რომ ანაზღაურება ახალგაზრდა კადრებისთვის საგანმანათლებლო მიღწევების შესაბამისად ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გაიზარდა. ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის შეფასებით, კოლეჯის ხარისხის მქონე ახალგაზრდების საშუალო შემოსავალი $45,000-ს უახლოვდება, ხოლო მხოლოდ საშუალო განათლებით ან მის გარეშე, შემოსავალი $30,000-მდე განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ანგარიშში მკაცრადაა გაკრიტიკებული აშშ-ში განათლებისა და სამუშაო ძალის განვითარების „ფრაგმენტული“ სისტემა.

ორგანიზაციამ 2019 წელსაც ჩაატარა კვლევა, რომლითაც დადგინდა, რომ მაღალი ქულების მქონე ბავშვები უფრო ნაკლებად ამთავრებენ სკოლას, კოლეჯს ან იღებენ მაღალ ხელფასს, ვიდრე დაბალი ქულების მქონე მათი მდიდარი თანატოლები. უნივერსიტეტის ანგარიშით, დაბალქულიანი ბავშვების 71%-ს სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის ზედა მეოთხედიდან, 30 წლამდე ამავე ფენაში დარჩენის შანსი აქვთ. თუმცა დაბალი სოციალური სტატუსის მქონე მაღალქულიანების მაღალ სოციალურ-ეკონომიკურ ფენაში მოხვედრის შანსი მხოლოდ 31%-ს უდრის. სიტუაცია ბევრად უფრო მწვავდება ეთნიკური და რასობრივი უმცირესობების შემთხვევაში. მკვლევრები გამოსავალს ადრეულ განათლებაში, პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლაში, დაბალი შემოსავლის მქონე სტუდენტებისთვის უფასო კოლეჯებსა და კარიერულ კონსულტაციებში ინვესტიციებში ხედავენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *