აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია (SEC) კრიპტობირჟა Coinbase-ის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს.
Coinbase-ი აშშ-ის მასშტაბით უმსხვილესი ბირჟაა. ის ამავდროულად იყო პირველი კრიპტოკომპანია, რომელიც ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დაილისტა. Nasdaq-ზე Coinbase-ის დებიუტი გასული წლის აპრილში შედგა და კომპანიის თითოეული აქციის ღირებულება 350 აშშ დოლარს გაუტოლდა.
საგულისხმოა, რომ კრიპტოვალუტების ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე, მნიშვნელოვნადაა შემცირებული Coinbase-ის საბაზრო კაპიტალიზაციაც. მისი აქციები ამჟამად 59 აშშ დოლარად ივაჭრება, რაც ერთწლიან ჭრილში თითქმის 80%-იანი ვარდნაა.
ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებლის წინასწარი შეფასებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ Coinbase-ის ტრეიდინგ პლატფორმაზე განთავსებული რამდენიმე კრიპტოვალუტა რეალურად ფასიანი ქაღალდია (security) და, შესაბამისად, მათი დალისტვისა და ვაჭრობის საკითხი ინდივიდუალურად უნდა ყოფილიყო შეთანხმებული SEC-ის კომისიასთან.
საქმე იმაშია, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს 1946 წლის გადაწყვეტილებით, ფასიან ქაღალდად განიხილება ის აქტივი თუ კონტრაქტი, რომელსაც ინვესტორები სამომავლო მოგების მიზნით ყიდულობენ, კომპანია კი ინვესტორებისგან მოზიდულ კაპიტალს ბიზნესის გასავითარებლად ან ახალი პროექტების შესაქმნელად იყენებს.
SEC-ის შეფასებით, Coinbase-ზე დალისტული შემდეგი კრიპტოვალუტები: ENS, GALA, POWR და ALCX მათი გამომშვები კომპანიების მიერ სწორედ ზემოხსენებული მიზნებით იქნა გამოყენებული, რაც მათ ფასიან ქაღალდებად აქცევს.
აღსანიშნავია, რომ Binance-ისა და FTX-ისგან განსხვავებით, Coinbase-ზე გაცილებით ნაკლები რაოდენობით კრიპტოაქტივებია განთავსებული, რადგან კომპანია Nasdaq-ის ბირჟაზეა დალისტული და, შესაბამისად, შედარებით მკაცრ რეგულატორულ ჩარჩოში უწევს ოპერირება და კვარტალური ფინანსური ანგარიშგების წარმოება.
SEC-ის მიერ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით სიახლე, ბუნებრივია, ინვესტორებმა და ტრეიდერებმა უაღრესად ნეგატიურად მიიღეს – ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში Coinbase-ის აქციების ღირებულება მკვეთრად, თითქმის 20%-ით დაეცა.