აშშ-ში TikTok-ის აკრძალვის თარიღი ახლოვდება | რა ბედი ელის აპლიკაციას?

აშშ-ში TikTok-ის აკრძალვის თარიღი ახლოვდება | რა ბედი ელის აპლიკაციას?

ამერიკის შეერთებულ შტატებში სოციალური პლატფორმა TikTok-ის პოტენციური აკრძალვის თარიღი ახლოვდება. თუ ჩინური კომპანია ByteDance-ი 19 იანვრადე TikTok-ს არ გაყიდის, შესაძლოა პოპულარული სოციალური ქსელი აშშ-ში აკრძალვის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. ამ მოვლენების გათვალისწინებით, შტატებში აპლიკაციის შესყიდვის მსურველები უკვე გამოჩნდნენ, მათ შორისაა მილიარდერი ინვესტორი და Project Liberty-ის დამფუძნებელი ფრენკ მაქკორტი.

მაქკორტი TikTok-ის გადარჩენის ჯგუფს – „სახალხო შეთავაზება TikTok-ისთვის“ ხელმძღვანელობს. 19 იანვრამდე, აშშ-ში სოციალური პლატფორმის ოპერაციების შესყიდვის წინადადებით, მაქკორტიმ ჩინურ ByteDance-ს ოფიციალურად უკვე მიმართა. შეთავაზების ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მაქკორტის მხრიდან TikTok-ის შეძენის მთავარი მიზანი კი ეროვნული უსაფრთხოებისა და მონაცემთა კონფიდენციალურობის საკითხთან დაკავშირებული შეშფოთებების აღმოფხვრაა, რაც არსებული ალგორითმიდან აპლიკაციის გათიშვითაა შესაძლებელი. სწორედ ეს ალგორითმი და აშშ-ის მოქალაქეების მონაცემთა უსაფრთხოებაა მთავარი საკითხი აშშ-ის მთავრობისთვის.

მაქკორტის ჯგუფის მიერ სოციალური პლატფორმის შესყიდვის შემთხვევაში, აშშ-ში TikTok-ის ოპერაციებისთვის სრულიად ახალი, ByteDance-ის გავლენისგან თავისუფალი ინფრასტრუქტურა შეიქმნება. გეგმა მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებს როგორც კერძო ფონდებიდან, ასევე ამერიკის ბანკებისგან. ამის მიუხედავადაც, ჯერ უცნობია, განიხილავს თუ არა მილიარდერი ინვესტორის შეთავაზებას ჩინური კომპანია.

TikTok-ის შესყიდვის ინტერესი რამდენიმე სხვა ამერიკულმა კომპანიამაც გამოხატა. მათ შორის, პოტენციურ შემსყიდველებს შორის განიხილებოდნენ Amazon-ი, Oracle-ი და Walmart-ი. მაგალითად, Amazon-მა ბოლო წლებში TikTok-თან კავშირებიც გააძლიერა – სარეკლამო პარტნიორობისა და პლატფორმისთვის ახალი სავაჭრო ფუნქციების შეთავაზებით.

ამერიკის შეერთებულ შტატებში TikTok-ის აკრძალვა ძალაში შესაძლოა მიმდინარე წლის 19 იანვრიდან შევიდეს. ყველაფერი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ან ამ თარიღამდე, კომპანიის გაყიდვაზეა დამოკიდებული. ამერიკელი კანონმდებლების მტკიცებით, სოციალური ქსელი, ჩინეთის მთავრობასთან პოტენციური კავშირის გამო, აშშ-ისთვის ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენს. TikTok-მა ბრალდებები არაერთგზის უარყო და განაცხადა, რომ ის ჩინეთის კომუნისტურ პარტიას არ ექვემდებარება და მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადადგა აშშ-ის მომხმარებლების მონაცემების დასაცავად.

20 იანვრიდან აშშ-ში ბაიდენის ადმინისტრაციას ტრამპი ჩაანაცვლებს, რომელიც აშშ-ში TikTok-ის ოპერაციების გაგრძელების მხარდამჭერთა შორის იყო. ცნობისთვის, ბაიდენმა აშშ-ში TikTok-ის აკრძალვის ან გაყიდვის კანონპროექტს ხელი 2024 წლის 24 აპრილს მოაწერა. ამის საპასუხოდ პლატფორმამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ კომპანიამ „აშშ-ის მონაცემების უსაფრთხოებისა და გარე ძალებისგან დასაცავად, მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა“.

აკრძალვის ძალაში შესვლის შემთხვევაში კი, აშშ-ის მომხმარებელთა მონაცემები შესაძლოა ჩინეთში გაიგზავნოს, რაც ასევე არასახარბიელო სცენარი იქნება ამერიკისთვის. მსგავსი სცენარი 2020 წელს ინდოეთში განვითარდა, მაშინ როდესაც ქვეყნის მთავრობამ TikTok-ის ოპერაციების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ კომპანიამ მილიონობით მომხმარებლის მონაცემებზე წვდომა მაინც შეინარჩუნა. 2024 წლის აპრილის მდგომარეობით, აპლიკაციას აშშ-ში 170 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.