ტრამპის ძალისხმევით, აშშ-ში TikTok-ის მუშაობა აღდგა

ტრამპის ძალისხმევით, აშშ-ში TikTok-ის მუშაობა აღდგა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, TikTok-მა აშშ-ში ფუნქციონირება განაახლა. ტრამპმა პირობა დადო, რომ დღეს ოფისში შესვლისთანავე TikTok-ის საკითხს გადახედავს და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გაგვაცნობს. დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპი TikTok-ს ამერიკული ბიზნესისთვის გასასხვისებლად მიცემულ ვადას გაუხანგრძლივებს.

„სხვა არჩევანი არ გვაქვს. უნდა გადავარჩინოთ ის [ტიკტოკი]“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციამდელ პრესკონფერენციაზე. მისივე განმარტებით, ByteDance-ისთვისა და აშშ-ის მთავრობისთვის მისაღები კომპანიის ძიებაში მონაწილეობას თავადაც მიიღებს, რათა აპლიკაციაზე წვდომა 170 მილიონზე მეტ ამერიკელს არ შეეზღუდოს.

დონალდ ტრამპის დამსახურებით აშშ-ში TikTok-ის აღდგენას აპლიკაცია პლატფორმაში ჩაშენებული შეტყობინებით გამოეხმაურა. „პრეზიდენტი ტრამპის ძალისხმევის შედეგად, TikTok-ი აშშ-ში დაბრუნდა“, – აღნიშნული შეტყობინება აპლიკაციის მთავარ გვერდზე ამერიკელ მომხმარებლებს ხვდებოდათ. აპლიკაციის ადმინისტრაციამ ცალკე გავრცელებულ განცხადებაში დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ TikTok-ის სერვის-პროვაიდერები დაარწმუნა: აპლიკაციისთვის მომსახურების გაწევის გამო არ დაჯარიმდებოდნენ.

მანამდე TikTok-ის აკრძალვას აშშ-ში ჩინეთის საელჩო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები საკუთარ ძალაუფლებას აპლიკაციის წინააღმდეგ ბოროტად იყენებს. „ჩინეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომას იმისთვის, რომ დაიცვას თავისი უფლებები და ინტერესები“, – აღნიშნა აშშ-ში ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, 19 იანვარს TikTok-ს აშშ-ში ფუნქციონირების უფლება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით შეეზღუდა. ByteDance-ს აშშ-ში არსებული ბიზნესი ამერიკულ კომპანიაზე სწორედ ამ ვადამდე უნდა გაესხვისებინა, რაც ვერ მოხერხდა. TikTok-ის რამდენიმე საათით გათიშვამ ამერიკელ მომხმარებლებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.