აშშ უნდა შეეშვას გრენლანდიის დაუფლების მცდელობას

აშშ უნდა შეეშვას გრენლანდიის დაუფლების მცდელობას

სახლები მოძრავი აისბერგების ფონზე ილულისატში, გრენლანდიაში, დისკოს ყურეში. (ფოტო: შონ გელაპი/Getty Images)

 

პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა შეწყვიტოს აშშ-ის მიერ გრენლანდიის დაუფლების მოწოდება და ნაცვლად ამისა, უნდა დაიწყოს საღი აზრის მატარებელი ეკონომიკური გარიგებების დადება, რაც იმავე შედეგებს გამოიღებს – მოკავშირეების გაუცხოების გარეშე.

აშშ-მ უნდა შეწყვიტოს გრენლანდიის დაუფლების მცდელობა. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ის, რაც გვჭირდება ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების გარეშეც. ეს მცდელობები პრეზიდენტ ტრამპსა და აშშ-ს რეპუტაციულ ზიანს აყენებს.

ამ ტერიტორიის მფლობელ დანიელებს გაყიდვის სურვილი არც ახლა აქვთ და არც არასდროს ჰქონიათ. ჩვენ ვცადეთ მისი ყიდვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და მტკიცე უარი მივიღეთ. მას შემდეგ, რაც 1917 წელს კოპენჰაგენისგან ვირჯინიის კუნძულების ნაწილი შევიძინეთ, ბევრი რამ შეიცვალა. არც გრენლანდიელებს სურთ, რომ ჩვენ დავიპყროთ. 

ამ უზარმაზარი კუნძულის ძალით წართმევა მორალურად ჩინეთის პოზიციაში ჩაგვაყენებდა, ტიბეტის დაპყრობის, ან ტაივანის „დაკარგული პროვინციის“ ხელში ჩაგდების სურვილის მსგავსად. აშშ-ის მიერ თითქოსდა ჩვენი ეროვნული თავდაცვის მიზნით გრენლანდიის ანექსიას რუსეთი სიამოვნებით გამოიყენებდა უკრაინის დაპყრობის მცდელობის გასამართლებლად.

უფრო მეტიც, ჩამორთმევის ოპერაცია წარუმატებელი იქნებოდა. კონგრესი, რომელსაც ზურგს უმაგრებს შეძრწუნებულ ამერიკელთა საზოგადოებრივი აზრი, ამას არ დაუშვებდა. პრეზიდენტისთვის კი კონგრესის მხრივ უარყოფა სასირცხვილო იქნებოდა. მსგავსი ნაბიჯი დაშლიდა ნატოს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ჩვენი უსაფრთხოების სისტემის კრიტიკულ ქვაკუთხედს. ეს დაეხმარებოდა ვლადიმირ პუტინს თავისი ოცნების რეალიზებაში – საბედისწეროდ დაენგრია აშშ-ის უსაფრთხოების მექანიზმები მისი იზოლირების გზით, და ხელი შეეწყო რუსეთისა და ჩინეთის იმპერიული ამბიციებისთვის.

თავის დროზე, დანიასთან კავშირების გაწყვეტისა და სრულფასოვან შტატად გადაქცევის მიზნით, გრენლანდიასთან სათანადო, ნაზი პოლიტიკური არშიყი შესაძლოა წარმატებულიც ყოფილიყო. დემოკრატები კმაყოფილები დარჩებოდნენ. თავისი უკიდურესი მემარცხენე ელექტორატის გათვალისწინებით, გრენლანდიის ორი ამერიკელი სენატორი ისეთი ტიპის დემოკრატები იქნებოდნენ, როგორებითაც ბერნი სანდერსი აღფთოვანებული დარჩებოდა. მაგრამ ჩვენი მხრიდან გამოქვაბულის ადამიანივით მოქცევის გამო, ეს შესაძლებლობა ახლა აღარ არსებობს.

მეტიც, როგორც თითქმის ყველა დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა აღნიშნა, არქტიკაში ჩვენი სტრატეგიული თავდაცვითი ინტერესების შესანარჩუნებლად და გასაზრდელად საჭირო არაა გრენლანდიის დაუფლება. აშშ უკვე მართავს კოსმოსურ ბაზას გრენლანდიის ჩრდილო-დასავლეთში, დანიასთან დიდი ხნის წინანდელი შეთანხმების საფუძველზე. ის უზრუნველყოფს ადრეული გაფრთხილების აუცილებელი რადარული სისტემების მუშაობასა და თანამგზავრული თვალთვალის შესაძლებლობებს.

ნატოს გავლით, აშშ დანიასთან ინარჩუნებს თავდაცვითი თანამშრომლობის მაღალ დონეს, რაც მოიცავს კოორდინაციას არქტიკის უსაფრთხოების სულ უფრო კრიტიკულ საკითხებზე. დანია აღიარებს ორმხრივ სარგებელს რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხეების მოგვარების მხრივ იმ ტერიტორიაზე, რომელიც სტრატეგიულად უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ყინულის დნობის პირობებში ახალი საზღვაო გზების გახსნის პარალელურად.

არქტიკაში მოსკოვისა და პეკინის სულ უფრო შემაშფოთებელი ნაბიჯების წინააღმდეგ ბრძოლა უკეთესად ხდება სკანდინავიურ ქვეყნებთან და კანადასთან გაძლიერებული ალიანსებით, და არა უხეში ტერიტორიული გაფართოებით. პრაქტიკული თვალსაზრისით, ამჟამინდელი სამხედრო სტრატეგია ფიზიკურ ტერიტორიულ კონტროლზე მეტად ხაზს უსვამს ტექნოლოგიურ უპირატესობას, დაზვერვის მონაცემთა გაზიარებას და სწრაფი განლაგების შესაძლებლობებს. უფრო მეტიც, დანია არსებითად მზადაა, რომ აშშ-მა საჭიროების შემთხვევაში გააფართოოს თავისი სამხედრო გავლენა გრენლანდიაში. აშშ-ს მსოფლიოში მრავალი ბაზა აქვს, ზოგიერთი მათგანი საკმაოდ დიდიც, თუმცა ბაზების ტერიტორიების ფლობის გარეშე.

დანიელები ღია იქნებიან მინერალების მოპოვებასთან დაკავშირებულ გარიგებებისადმიც. ფაქტია, რომ უკმაყოფილო მოსახლეობის არსებობის პირობებში, მფლობელობა პრობლემებს შეუქმნის როგორც ძირითად სამხედრო მისიას, ასევე მინერალური რესურსების მოძიებასაც.

ნაცვლად გაუცხოებისა, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კავშირები ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან.

ჟურნალ Forbes-ის მთავარი რედაქტორი