აშშ UNESCO-ს კიდევ ერთხელ ტოვებს | რა გახდა ტრამპის გადაწყვეტილების მიზეზი?

აშშ UNESCO-ს კიდევ ერთხელ ტოვებს | რა გახდა ტრამპის გადაწყვეტილების მიზეზი?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მომდევნო წლის დასასრულს, ამერიკის შეერთებული შტატები გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO) დატოვებს. ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის UNESCO-დან გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

გავრცელებულ პრესრელიზში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ოდრი აზულაის ორგანიზაციის დატოვების შესახებ უკვე ეცნობა. აშშ-ის გადაწყვეტილება ძალაში 2026 წლის დეკემბერში შევა.

დეპარტამენტის განმარტებით, UNESCO „განხეთქილების მომტანი სოციალური და კულტურული საკითხების წინსვლაზე“ მუშაობს, რაც ტრამპის საგარეო პოლიტიკას – „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ – ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას 2011 წელს UNESCO-ში პალესტინის სრულუფლებიან წევრად მიღებაზეც ამახვილებს და აღნიშნულ გადაწყვეტილებას „პრობლემურსა და აშშ-ის პოლიტიკის საწინააღმდეგოს“ უწოდებს, რომელიც „ისრაელის საწინააღმდეგო რიტორიკის გავრცელებას“ უწყობს ხელს.

მსგავსი მიზეზების გამო, ტრამპმა UNESCO 2018 წელსაც, მას შემდეგ დატოვა, რაც ორგანიზაცია ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში დაადანაშაულა. ტრამპამდე, 2017 წელს ორგანიზაცია დატოვა ისრაელმაც. ტრამპის გადაწყვეტილება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2023 წელს გააუქმა.

ცნობისთვის, 2011 წელს, პალესტინის სრულუფლებიან წევრად მიღების შემდეგ, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ UNESCO-ს დაფინანსება შეუმცირა. ობამამ ეს გადაწყვეტილება კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო, რომელიც გაეროს ნებისმიერ სააგენტოში, რომელიც პალესტინას წევრობას ანიჭებს, აშშ-ის დაფინანსებას კრძალავს.

იმ დროისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წლიური შენატანი UNESCO-ში დაახლოებით $70 მილიონს აღწევდა, რაც სააგენტოს ბიუჯეტის 22% იყო. აშშ-მ ორგანიზაციაში ხმის მიცემის უფლება 2013 წელს, მას შემდეგ დაკარგა, რაც ორი წლის განმავლობაში სააგენტოს არ აფინანსებდა.

ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან UNESCO-ს დატოვების მომენტში, აშშ-ს იუნესკოს $550 მილიონამდე ვალი ჰქონდა. ბაიდენის ადმინისტრაცია ორგანიზაციაში 2023 წელს დაბრუნდა და UNESCO-სთვის ყოველწლიურად $150 მილიონის გამოყოფა მოითხოვა, სანამ დავალიანება სრულად არ დაიფარებოდა. ბაიდენის გადაწყვეტილებაში პალესტინის საკითხი განხილული არ ყოფილა.

აშშ-ის ორგანიზაციიდან გასვლას გამოეხმაურა UNESCO-ს გენერალური დირექტორი ოდრი აზულაი. აზულაის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის გადაწყვეტილება „ეწინააღმდეგება მრავალმხრივი მმართველობის ფუნდამენტურ პრინციპებს“, სააგენტო „ამისთვის მზადაა“.

ადმინისტრაციაში დაბრუნებიდან მალევე, თებერვალში, ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომლითაც სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს UNESCO-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გადახედვა დაავალა, რომლებიც ტრამპის შეფასებით „რადიკალ ან ანტიამერიკულ“ განწყობების გავრცელებას უწყობდნენ ხელს.