ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ფინანსური სერვისების გიგანტ Visa-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. დეპარტამენტი კომპანიას სადებეტო ბარათების ბიზნესში ანტიმონოპოლიური კანონის სავარაუდო დარღვევას ედავება.
სარჩელის თანახმად, Visa-ს წილი ქვეყანაში არსებული სადებეტო ტრანზაქციების მთლიანი მოცულობის 60%-ს შეადგენს. გენერალურ პროკურორ მერიკ გარლანდის განცხადებით, Visa-მ უკანონოდ მოიპოვა უფლებამოსილება გადასახადის მოცულობაზე, რომელიც ბევრად აღემატება იმ ლიმიტს, რომლის მიღებაც მას კონკურენტულ ბაზარზე შეეძლო.
გარლანდის განცხადებითვე, გადასახადები რომელთაც მერჩანტები Visa-ს უხდიან, „გავლენას არა მხოლოდ ერთი ნივთის ფასის ზრდაზე, არამედ ყველაფრის ფასზე ახდენს“. სარჩელის შემდეგ, Visa-ს აქციების ღირებულება, სამშაბათის მდგომარეობით, დაახლოებით 5%-ით დავარდა, ხოლო კომპანიის საბაზრო ღირებულება $25 მილიარდით შემცირდა. ამ ეტაპზე, ფინანსური სერვისების კომპანიას განცხადება არ გაუკეთებია.
როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სარჩელშია აღნიშნული, Visa ბაზარზე დომინანტურ პოზიციას არა თანაბარი კონკურენციით, არამედ ანტიკონკურენტული საშუალებებით ინარჩუნებს. სარჩელში ნათქვამია, რომ ეს მიდგომა მცირე ფირმებისთვის ბაზარზე შეღწევას ართულებს.
იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, სადებეტო ბარათების გადასახადის სახით, Visa ყოველწლიურად $7 მილიარდს იხდის. ამ ეტაპზე, $530-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, Visa მსოფლიოში მე-17 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა.