ასორტიმენტის მართვა და განვითარება — ინტერვიუ ვახტანგ ცერცვაძესთან

ასორტიმენტის მართვა და განვითარება — ინტერვიუ ვახტანგ ცერცვაძესთან

PSP, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 300-ზე მეტ აფთიაქს ფლობს, ასორტიმენტს მუდმივად აფართოებს. გუნდის მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზებაა. ფარმაკომპანიის ასორტიმენტის ზრდაზე 2018 წლიდან ვახტანგ ცერცვაძე ზრუნავს, რომელსაც PSP-ში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს. Forbes Georgia-მ მასთან ერთად კომპანიის შედეგები და გეგმები შეაჯამა.

ვახტანგ, თქვენ PSP-ის ასორტიმენტის მართვისა და განვითარების დეპარტამენტს ოთხი წელია, ხელმძღვანელობთ. რა მიგაჩნიათ თქვენს მთავარ მიღწევად? არის გადაწყვეტილებები, რომელთაც შეცვლიდით, დრო უკან რომ დაგვებრუნებინა?

ამ პერიოდის განმავლობაში ჩემი მთავარი გამოწვევა ძლიერი და მოტივირებული გუნდის ჩამოყალიბება და მიზანზე ორიენტირებული სამუშაო პროცესების გამართვა იყო. საბედნიეროდ, ეს შევძელით. გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებლის საჭიროება და ინტერესი მუდმივად იცვლება, კომპანიისგან სწრაფი რეაგირება გადამწყვეტია. ახალ გამოწვევებს ჩვენ განვითარების შესაძლებლობად ვაქცევთ, მუდმივად ვაუმჯობესებთ პროცესებს და ეს არის ასორტიმენტის გუნდის წარმატების ქვაკუთხედიც, რითაც ვამაყობ. ვფიქრობ, არაფერს შევცვლიდი, ყველა ეტაპს თავისი გამოწვევა აქვს და თუ შედეგი მიღწეულია – წარმატებაც ეს არის.

რის საფუძველზე იღებთ ასორტიმენტის ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას? იკვლევთ მომხმარებელთა საჭიროებებს? რა სურთ მათ?

რა თქმა უნდა, მთავარი ორიენტირი მომხმარებლის ინტერესების კვლევაა, რაც ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. კვლევას ვახორციელებთ როგორც უშუალო კომუნიკაციის საშუალებით ჩვენს ქსელში, მათი გამოხმაურებების ანალიზით, ასევე მომხმარებლის ინტერესები სა და კმაყოფილების გამოსავლენად. კვლევითი ორგანიზაციების საშუალებით წელიწადში, მინიმუმ, ორ კვლევას ვატარებთ. გარდა ამისა, ჩვენ მუდმივად ვაანალიზებთ საქართველოში არსებულ პროდუქციას და მოთხოვნა/მიწოდების გათვალისწინებით ასორტიმენტში ცვლილებები შეგვაქვს. გარდა ადგილობრივ ბაზარზე არსებული ასორტიმენტისა, ვიკვლევთ საქართველოს მსგავსი უცხოური ბაზრების ტენდენციებს, სიახლეებს და ასორტიმენტს მათი საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით ვავითარებთ. მთავარი ორიენტირი მაინც მომხმარებლის ინტერესია, რათა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას წვდომა ჰქონდეს მედიცინის ყველა სიახლეზე, ხოლო მედიკოსებს – წამლებზე, რომლებიც თანამედროვე გაიდლაინებშია მოცემული.

ყოველთვიურად PSP-ს თავის „ოჯახის აფთიაქად” 2 მილიონი მომხმარებელი ირჩევს. თქვენი ასორტიმენტიდან რომელ მედიკამენტებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?

ჩვენს ქსელში წარმოდგენილია 5000-ზე მეტი მხოლოდ ფარმაცევტული პროდუქტი, უმჯობესია, ისინი ძირითად მოთხოვნად ფარმაჯგუფებად დავყოთ. ამ ჯგუფების მიხედვით კი, ჩვენი დაკვირვებით, ბოლო რამდენიმე წელია, ყველაზე მოთხოვნადი კარდიოლოგიის, ნევროლოგიისა და სასუნთქი სისტემის სამკურნალო პრეპარატებია.

ბრენდებზე მოთხოვნა უფრო მაღალია?

ბრენდში ალბათ ორიგინალი მედიკამენტის მწარმოებელს გულისხმობთ, თუმცა ფარმაცეტულ ბაზარზე არსებობს ასევე გენერიკული დასახელების წამლები და გენერიკული მედიკამენტები ბრენდული სახელწოდებით. PSP-ის ასორტიმენტში ძალიან დიდი და მრავალფეროვანი არჩევანია. ექიმის დანიშნულების მიხედვით მომხმარებელს საშუალება აქვს, აირჩიოს მისთვის სასურველი პროდუქცია მწარმოებელი ქარხნის, ქვეყნის, ორიგინალის ან ფასის მიხედვით. მომხმარებელი, როგორც წესი, არჩევანს ფასის ან უკვე ცნობილი მწარმოებლის მიხედვით აკეთებს.

ბაზრების ლიბერალიზაცია სწორი მიდგომაა იმისთვის, რომ მათ შორის PSP-ის ასორტიმენტიც უფრო მრავალფეროვანი გახდეს?

საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი საკმაოდ ღია და კონკურენტულია. ამ ეტაპზე 200-ზე მეტი დისტრიბუტორია წარმოდგენილი, რომელთაც საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს ნებისმიერი მწარმოებლის მედიკამენტის დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვთ, როგორც ნაციონალური, ასევე აღიარებითი (გამარტივებული) რეჟიმით. ბაზრების ლიბერალიზაცია და აღიარებითი რეჟიმი ზრდის ასორტიმენტის გაფართოების საშუალებას, მეტ- -ნაკლებად ამარტივებს სხვადასხვა მედიკამენტის შემოტანას არა მარტო უშუალო მწარმოებლისგან, არამედ დისტრიბუტორებისგანაც. მაგრამ ხშირად – მხოლოდ კონკრეტულ მომენტში და, მეორე მხრივ, პარალელური იმპორტი არ იძლევა სტაბილური საქმიანობის საშუალებას, მუდამ დამოკიდებული ხარ დისტრიბუტორზე, რამაც შეიძლება მოულოდნელი დეფიციტი გამოიწვიოს.

რომელ ბაზრებზე წვდომა დაგეხმარებოდათ არჩევანის გაფართოებაში?

21-ე საუკუნეში მიუწვდომელი ბაზარი, ფაქტობრივად, არ არსებობს, მთავარია, მწარმოებელს საქართველოს ბაზარზე თავისი მედიკამენტების რეგისტრაციის სურვილი ჰქონდეს. მედიკამენტის ბაზარზე დაშვებისთვის აუცილებელი პირობაა მისი რეგისტრაცია, რაც სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდასთან ერთად, მედიკამენტის შესახებ საჭირო სრული დოკუმენტაციის წარდგენას საჭიროებს. ამდენად, ამ პროცესის მმართველი მწარმოებელი კომპანიაა და არა ჩვენი სურვილი.

ხშირია დისკუსია იმაზე, რომ თურქული მედიკამენტების ხარისხი დაბალია ევროპულთან შედარებით, საფუძვლიანია თუ არა ეს მოსაზრება?

პროდუქციას, რომელიც დაშვებულია საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევისთვის, სავალდებულო რეგისტრაცია აუცილებლად გავლილი აქვს. სხვა საკითხია ფალსიფიცირებული მედიკამენტების მოხვედრა. ამ მხრივ თურქეთი მაღალი რისკის ქვეყნადაა მიჩნეული, თუმცა მედიკამენტების მწარმოებლები საკუთარ პრეპარატებზე ფარმაკოუსაფრთხოების წესების დაცვით ფარმაკოზედამხედველობას მუდმივად ახორციელებენ.

მას შემდეგ, რაც გასული წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ მედიკამენტებისთვის თურქეთის ბაზარი გახსნა, რა მაჩვენებლით გაიზარდა თურქული მედიკამენტების წილი თქვენს ასორტიმენტში?

თურქეთიდან იაფი მედიკამენტებით საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფას ინდივიდუალური საჭიროებისთვის 2017 წლიდან ვახორციელებდით ფორმა 100-ის საფუძველზე. თურქეთის ბაზრის გახსნამ შესაძლებლობა მოგვცა, უკეთესად დაგვეკმაყოფილებინა მომხმარებლის მოთხოვნები და ბაზარი გაგვეჯერებინა თურქული წარმოების იაფი მედიკამენტებით. მოცულობა გაიზარდა და იაფი მედიკამენტის შეძენის საშუალება მეტ ადამიანს მიეცა, თუმცა ყველა მომხმარებელი პროდუქციას მხოლოდ ფასის მიხედვით კი არ ირჩევს, არამედ გამოცდილი მწარმოებლის მიმართ გარკვეული მიჯაჭვულობა და ნდობა აქვთ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული, ამდენად თურქული მედიკამენტების წილი ასორტიმენტში მოთხოვნის შესაბამისად იზრდება.

დაახლოებით ერთი თვის წინ 800-ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ამოქმედდა. ჯანდაცვის უწყების მოლოდინი იყო, რომ ეს წამლებს 40%-ით გააიაფებდა. რა შედეგები გვაქვს ამ ეტაპზე? როგორია ტენდენცია?

რეცეპტით გასაცემ მედიკამენტზე ფასების რეგულაცია მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოში. რეფერენტული ფასების დადგენის დროს მედიკამენტის სავაჭრო ლიცენზიის მფლობელებს აქვთ საშუალება, თავად ჩაერთონ სამინისტროსთან მედიკამენტის ფასის განსაზღვრის პროცესში, მათი შეთანხმების საფუძველზე დადგენილი ფასები კანონით განსაზღვრულ ვადებში უკვე ასახულია ჩვენს სააფთიაქო ქსელში და სადისტრიბუციო საწყობში. მოგეხსენებათ, პროცესი ახალი დაწყებულია, ბევრი საკითხი საჭიროებს დახვეწას, ჯერ კიდევ განიხილება ასეულობით მედიკამენტის ფასი, რომლებზეც მომწოდებლებმა მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს, ამდენად, პროცენტებსა და რაოდენობრივ შედეგებზე საუბარი, ვფიქრობ, ნაადრევია.

რა გამოწვევებს ხედავთ დღეს ფარმაბიზნესში? თქვენი დაკვირვებით, რა სჭირდება დარგს განვითარებისთვის?

ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგა. GDP- და GMP-რეგულაციებთან ერთად წელს ამოქმედდა გარე რეფერენტული ფასებიც. ყველა რეგულაცია მიმართული უნდა იყოს ბაზრის განვითარებისაკენ და არა შეზღუდვისკენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და მხარდაჭერა, რომელსაც აქვს საექსპორტო პოტენციალი, რომ ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერის მნიშვნელოვანი საყრდენი გახდეს, როგორც ეს არაერთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში ხდება, მაგალითად – ხორვატიასა და სლოვენიაში.

თქვენ აცხადებთ, რომ PSP ფარმაციის ლიდერია. ის საქართველოში ყველაზე შემოსავლიანი კომპანიების რეიტინგში მეხუთე ადგილზეა 634 მლნ ლარზე მეტი შემოსავლით. კიდევ რა კრიტერიუმები განსაზღვრავს თქვენს ლიდერობას?

PSP-ს მიუძღვის უდიდესი წვლილი ქართული ფარმაცევტული დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ჩვენი, როგორც ლიდერი კომპანიის მუდმივი საზრუნავია ხარისხიანი მედიკამენტებით ბაზრის უწყვეტი მომარაგება. 90-იან წლებში, როდესაც კომპანია დაარსდა, ბაზარზე არანაირი მედიკამენტების მოწოდება არ ხდებოდა. PSP გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ევროპული მედიკამენტების შემოტანა დაიწყო და ფიზიკურად ხელმისაწვდომი გახადა. შემდეგ კი, ძალიან მალე, მსოფლიოს 100-მდე ქარხნის დისტრიბუტორი გახდა. ხარისხი ყოველთვის იყო და არის ჩვენი მთავარი ორიენტირი. ამასთან, წლების განმავლობაში ვაფართოებთ ქსელს, რომ გეოგრაფიულად ქვეყნის ყველა მოქალაქეს წვდომა ჰქონდეს ჩვენს ქსელში არსებულ ყველა პროდუქტზე. ამასთან მუდმივად ვმუშაობთ მომწოდებლებთან ფასების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის. ეს ყველაფერი კი, საერთო ჯამში, PSP-ს ლიდერ კომპანიად აქცევს.

დაბოლოს, რა ნაბიჯებს დგამს PSP ასორტიმენტის განსავითარებლად? რა გეგმები გაქვთ ამ კუთხით?

თანამედროვე მსოფლიო მედიცინა აქცენტს პრევენციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე აკეთებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ასორტიმენტი გავაფართოოთ როგორც მედიკამენტების, ასევე საკვები დანამატების კუთხით. როგორც აღვნიშნე, მსოფლიო ბაზარზე არსებულ ტენდენციებს მუდმივად ვაანალიზებთ და, შესაბამისად, მომხმარებელს ამ მედიკამენტებსა და ინოვაციურ პროდუქტებს ვთავაზობთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ასორტიმენტის განვითარების უახლესი გეგმები სიჯანსაღისა და პრევენციისთვის მოწოდებული საკვები დანამატების ასორტიმენტის ზრდასაც შეეხება. ამ მიმართულებაში მომხმარებელს უახლოეს პერიოდში ბევრ საინტერესო სიახლეს გავაცნობთ.

 

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *