ჯეიმს კამერონის რეჟისორობით გადაღებული ფილმის, Avatar: The Way of Water-ის ბილეთების გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. უფრო კონკრეტულად, Avatar-ის მეორე ნაწილის საშინაო, ანუ ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრების სალაროებიდან მიღებულმა შემოსავალმა $598 მილიონი შეადგინა, $1.426 მილიარდი კი დანარჩენ მსოფლიოზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ Avatar: The Way of Water-ი 2022 წელს გამოსულ ფილმებს შორის შემოსავლებით პირველ ადგილს იკავებს. მან პირველობა Top Gun: Maverick-ისგან რამდენიმე კვირის წინ გადაიბარა. ამ უკანასკნელის ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავალი, ბოლო მონაცემებით, $1.489 მილიარდს შეადგენს.
ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კინოსურათების ჩამონათვალში Avatar: The Way of Water-ი მე-6 პოზიციაზეა. აღნიშნულ სიაში ლიდერი მისი პირველი ნაწილი Avatar-ია, $2.9 მილიარდზე მეტი შემოსავლით.
აქვე უნდა ითქვას, რომ $2-მილიარდიანი ნიშნული ჯეიმს კამერონის სამ ფილმს აქვს გადალახული: Avatar-ის ორ ნაწილთან ერთად ეს 1997 წელს გამოსულმა Titanic-მა შეძლო. მისი გლობალური შემოსავალი 2.194 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ცნობისთვის, Avatar: The Way of Water-ის ბიუჯეტი $350-დან $460 მილიონამდე მერყეობს.