კოვიდპანდემიის გამო საერთაშორისო მოგზაურების რიცხვი რეკორდულად შემცირდა. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის, IATA-ს მონაცემებით, 2020 წელს ამ მაჩვენებელმა – 60%-ით, შემოსავლებმა კი 70%-ით იკლო, რამაც ინდუსტრია დიდი საფრთხის წინაშე დააყენა. თუმცა პანდემიის დასრულების შემდეგ საერთაშორისო მოგზაურობა აღდგა და წელს შესაძლოა, პანდემიამდელ მაჩვენებლებსაც გადაასწროს. ანალიტიკოსების ვარაუდით, ავიაინდუსტრია 2024 წელს მგზავრთა ახალ რეკორდს მოხსნის.
IATA-ს პროგნოზით, პანდემიის ეფექტების დაძლევის შემდეგ, წელს შესაძლოა, ავიაინდუსტრიის შემოსავლებმა რეკორდულ $1 ტრილიონს გადააჭარბოს. გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა კი წლის ბოლოსთვის თითქმის 5 მილიარდს გაუტოლდება, რაც პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს 400 მილიონით აღემატება.
2010 წელს საჰაერო გზით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 2.8 მილიარდს შეადგენდა. პანდემიის დაწყების შემდეგ კი, 2020 წელს, მაჩვენებელი 1.9 მილიარდამდე შემცირდა. თუმცა კოვიდშეზღუდვების მოხსნის პარალელურად მგზავრთნაკადი გაიზარდა და წელს რეკორდულ 4.96 მილიარდს მიაღწევს.
მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება საჰაერო გადაზიდვებშიც. IATA-ს გენერალური დირექტორის მიერ დუბაიში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე გაკეთებული განცხადების თანახმად, ავიაგადაზიდვები წელს $8.3-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბებს.