მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ძალოვნების მხრიდან დემონსტრანტების მიმართ გამოჩენილმა სისასტიკემ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, მისმა წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 ადამიანი მოინახულეს. მათგან არასათანადო მოპყრობაზე 226 ადამიანი საუბრობდა, სხეულის ხილული დაზიანება კი 157-ს აღენიშნებოდა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის მიმართ სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს. კერძოდ, საია მიიჩნევს, რომ აშკარად არის გამოკვეთილი მოქალაქეების წამება, მათი პოლიტიკური და დისკრიმინაციული ნიშნით დევნა და სხვა არაადამიანური განზრახი ქმედებები, რომლებიც იწვევენ მძიმე ტანჯვას, სხეულის მძიმე დაზიანებას და მძიმე ზიანს აყენებენ ადამიანების ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას.
ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების იმედი არ არსებობს იმ ფონზე, როდესაც ეჭვმიტანილები ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და მათ მიერ მართული დაჯგუფებები არიან, პროკურატურა და სასამართლო კი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშაა. ბევრი შიდა და გარე დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაა – განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლის ნოემბერში ჩატარებული საპარლამენტი არჩევნები, ეუთოს/ოდირის შეფასებით, მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნა უფრო მეტად მწვავეა, ვიდრე ამავე ორგანიზაციის ანგარიში 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ (ეს უკანასკნელიც, როგორც მოგეხსენებათ, დარღვევებით ჩატარდა, რასაც მოჰყვა ევროკომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში და ევროკავშირის მხრიდან მედიაციის მცდელობები საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის). 2020 წლის ანგარიშში წერია, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო “კონკურენტული” (competitive) და მისი მიმდინარეობის დროს ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებები, საბოლოო ჯამში, დაცული იყო. ამის საპირისპიროდ, 2024 წლის ეუთო/ოდირის დასკვნაში მთავარი აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლების დაშინებისა და პროცედურული დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე “პრაგმატულ” გზად ბევრ ქართულ კომპანიასაც ახალი, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მიაჩნია. ონლაინპლატფორმა freebusiness.ge-ის ინფორმაციით, 2024 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ახალი არჩევნების მოთხოვნით 2428 ბიზნესი გამოდიოდა.
24 იანვრის მონაცემებით, იმ ბიზნესებს შორის, რომლებიც ახალი არჩევნების მოთხოვნით გამოდიან, არიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა: მაგთიკომი, კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია, ტოიოტა ცენტრი თბილისი, პსპ ფარმა, ალტა, გორგია და სხვა. აღნიშნულ თარიღამდე პოზიცია არ დაუფიქსირებიათ ბაზრის ისეთ წონიან მოთამაშეებს, როგორებიც არიან: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, სილქნეტი, თეგეტა მოტორსი, ვისოლი, კარფური და სხვა.
იმათ შორის, ვინც ოფიციალურად კრიტიკულ პოზიციებს არ აფიქსირებენ ან ახალ არჩევნებს არ ითხოვენ, არიან ისეთები, რომელთა მფლობელები ან მმართველები სხვადასხვა ფორმით უკვე გამოხატავენ ოპოზიციურ შეხედულებებს მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ან ხელისუფლების მხრიდან პროტესტის მონაწილეებზე განხორციელებული ძალადობის შესახებ. თუმცა ბაზრის ზოგიერთი მსხვილი მოთამაშე ჯერ კიდევ ერიდება კომპანიის სახელით ხელისუფლებასთან კონფრონტაციაში შესვლას.
ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში, როდესაც საქართველოს შიდა პოლიტიკური წყობისა და საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ბედი ერთდროულად წყდება, ბიზნესებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ. გასული საუკუნეების განმავლობაში ევროპისა და სხვა რეგიონების ქვეყნების დემოკრატიზაციაში დიდი როლი ითამაშეს არა მხოლოდ პოლიტიკურმა ძალებმა და სახალხო მოძრაობებმა, არამედ ბიზნესებმა, რომლებმაც უზრუნველყვეს ის, რომ ბევრ ქვეყანაში ავტორიტარიზმიდან დემოკრატიამდე მიმავალი გზა მშვიდობიანი ყოფილიყო.
იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიზაციისა და ევროკავშირთან დაახლოების პროცესები მშვიდობიანად წარიმართოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მსხვილმა ბიზნესებმა გაზარდონ წნეხი ხელისუფლებაზე და მოუწოდონ ქართულ ოცნებას, დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოს, დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები და უზრუნველყოს მისი თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება. მართალია არსებობს იმის რისკი, რომ ხელისუფლება კრიტიკული პოზიციების მქონე ბიზნესებზე შურს იძიებს, თუმცა ამაზე ბევრად მაღალია იმის ალბათობა, რომ ავტორიტარული რეჟიმის კონსოლიდაციის შემდეგ, მთავრობის მხრიდან ბიზნესებზე მასშტაბური რეკეტი და ინდივიდუალური ბიზნესპერსონების შევიწროების კამპანია გაძლიერდება.
პირველ რიგში, რუსეთის მაგალითი გვიჩვენებს იმას, რომ დიქტატორული რეჟიმისთვის ნებისმიერი ტიპის დამოუკიდებელი ბიზნესის არსებობა ეგზისტენციალური საფრთხეა. უფრო მეტიც, განსაკუთრებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კრემლი მიადგა ერთ დროს მასთან ასოცირებულ ბიზნესპერსონებსა და მაღალი რანგის მენეჯერებსაც. შესაძლოა, საქართველოში დაუმორჩილებელ კომპანიებს და მათ მესვეურებს ასეთი სასტიკი მეთოდებით მასშტაბურად და სისტემატურად არ გაუსწორდნენ, თუმცა ის, რომ დიქტატორულ რეჟიმში უსაფრთხოდ არავინ და არაფერი იქნება, უდავოა.
იმის გარდა, რომ ქართული ბიზნესებისთვის დიქტატურა თავისთავად საფრთხეა, არსებობს დასავლეთის მხრიდან ეკონომიკური და ფინანსური სანქციების რისკიც. დასავლეთის მთავრობებსა და ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს შორის ურთიერთობები მზარდად უარესდება. ქართულ ოცნებას შესაძლოა მართლა აქვს აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტ ტრამპის იმედი, თუმცა ჯერჯერობით არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ჩინეთის ფინანსური დახმარების იმედად მყოფი საქართველოს მთავრობის მიმართ ლმობიერი იქნება.
ევროპაში, სავარაუდოდ, მოხდება შემდეგი: სალომე ზურაბიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კრიტიკული პოზიციები ქართული ოცნების მიმართ კიდევ უფრო მეტად გამძაფრდება; გერმანიის სავარაუდო მომდევნო კანცლერი, ფრიდრიხ მერცი გაატარებს ამჟამინდელ კანცლერზე, ოლაფ შოლცზე უფრო ხისტ პოლიტიკას რუსეთის წინააღმდეგ; დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნების კრიტიკული პოზიციები საქართველობის მთავრობის მიმართ კი კიდევ უფრო მეტად გამწვავდება, ამ უკანასკნელის მიერ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევებისა და რუსეთთან და ჩინეთთან დაახლოების ფონზე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, რომ დაძაბულობა დასავლეთსა და საქართველოს მთავრობას შორის შემცირდეს. პირიქით, ბევრად დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ მომავალში კოლექტიური დასავლეთი კიდევ უფრო მეტ სანქციას დაუწესებს საქართველოს მთავრობას, ბიძინა ივანიშვილსა და მასთან ასოცირებულ პირებს ან ბიზნესებს. ამას გარდა, გაიზრდება ე.წ. მეორადი სანქციების რისკიცდა ეს სანქციები შეეხებათ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომლებიც შეინარჩუნებენ კომერციულ კავშირებს დასანქცირებულებთან.
ზემოაღწერილი ყველაზე უარესი სცენარების თავიდან აცილებისა და ქვეყნის მშვიდობიანი დემოკრატიზაციის უზრუნველსაყოფად, დღეს ქართულ ბიზნესს შეუძლია საქართველოს ისტორიაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი ხედვა, რაციონალური კალკულაცია, პრინციპულობა და ღირებულებებისადმი ერთგულება. ბევრი ადამიანი, ვინც დღეს „ქართული ოცნების“ მზარდად დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ გამოდის, არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. თუმცა ეს არ უშლით ხელს მათ იმაში, რომ თავიანთი მცირე აგური დადონ დემოკრატიული, ევროპული საქართველოს მშენებლობაში. ქართულ ბიზნესებს შეუძლიათ მათი მაგალითით იხელმძღვანელონ.