პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი ევროპისთვის ბუნებრივი აირის ექსპორტის გაორმაგებას შეძლებს. ქვეყნის პირველმა პირმა ისიც დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე გაყიდვებზე გრძელვადიანი შეთანხმებები მიღწეული არაა, მათ კი წარმოების გასაძლიერებლად მილიარდობით დოლარის ინვესტირება სჭირდებათ.
„მიმდინარე წელს ევროპაში კასპიის ზღვის ქვეყნებიდან გაზის იმპორტი 2021 წლის 8 მილიარდიდან 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ეს კი გვაძლევს საშუალებას დარწმუნებით ვთქვათ, რომ აზერბაიჯანი 2027 წლისთვის მიწოდების გაორმაგებას შეძლებს“, – განაცხადა ალიევმა 170-კილომეტრიანი მილსადენის გახსნაზე, რომელიც სერბეთის ქალაქ ნისს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის გარეუბანთან აკავშირებს.
აზერბაიჯანმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიყიდვა 2020 წელს დაიწყო. გასულ წელს კი ევროკავშირთან შეთანხმდა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მოცულობას 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდიდა. 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ აზერბაიჯანს ბუნებრივი აირის მიწოდების მოთხოვნით 10-ზე მეტმა ევროპულმა სახელმწიფომ მიმართა, თუმცა ქვეყნებს საბოლოო შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.
ალიევის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Azartac-ის ცნობით, სერბეთი მეშვიდე ევროპული ქვეყანა იქნება, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს. მომავალ წელს სერბეთში 400 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივ ექსპორტზე შეთანხმება მიღწეულია სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანია „სოკართანაც“. რაც შეეხება ბულგარეთს, ამ შემთხვევაში ექსპორტი გასული წლის 500 მილიონი კუბური მეტრიდან წელს დაახლოებით 1 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება.