აზერბაიჯანმა ევროპის ქვეყნების ენერგიით მომარაგების საკითხზე დამატებით ორ სახელმწიფოსთან – ავსტრიასა და გერმანიასთან მიაღწია შეთანხმებას. შედეგად, ქვეყანა ამჟამად ევროპისთვის ბუნებრივი აირის შვიდ მთავარ მიმწოდებელს შორისაა, ნორვეგიასთან, აშშ-სთან, ალჟირთან, რუსეთთან, გაერთიანებულ სამეფოსა და კატართან ერთად.
ევროპის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება ძირითადად სამხრეთის გაზის დერეფნისა და ტრანსადრიატიკული მილსადენის (TAP) მეშვეობით ხორციელდება, რომელიც საბერძნეთზე, ალბანეთსა და იტალიაზე გადის. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, ქვეყანა ამჟამად ბუნებრივი აირით 14 ევროპულ ქვეყანას ამარაგებს, ხოლო 2026 წელს მათი რაოდენობა კიდევ ორით გაიზრდება.
შეთანხმების მნიშვნელობაზე საუბრისას ბაქოში დაფუძნებული ანალიტიკური STEM-ცენტრის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, ორხან იოლჩუიევმა განაცხადა, რომ გარიგება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აზერბაიჯანის მზარდ გავლენას ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. „ავსტრიასა და გერმანიაში გაფართოება ქვეყნის სტრატეგიულ პოზიციას აძლიერებს და ევროპისთვის გაზმომარაგების წყაროების დივერსიფიცირებას ახდენს“, – აღნიშნა იოლჩუიევმა.
ექსპერტების შეფასებით, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპა ტრადიციული ბუნებრივი აირის წყაროებისთვის ალტერნატივების ძიებას განაგრძობს, აზერბაიჯანის როლი დროთა განმავლობაში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება. მათივე განცხადებით, იმპორტიორ ევროპულ ქვეყანათა ქსელის გაფართოებას შესაძლოა გრძელვადიანი გავლენა ჰქონდეს რეგიონულ ენერგეტიკულ დინამიკაზე, ასევე სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში გაზის ნაკადების დივერსიფიკაციასა და მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე.














