აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყანამ სომხეთთან სატვირთო ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოხსნა. ეს ნაბიჯი მეზობელ სახელმწიფოებს შორის მრავალწლიანი დაძაბულობის შემდეგ ურთიერთობების დათბობაზე მიანიშნებს.
ალიევმა აღნიშნულის შესახებ ასტანაში ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ყაზახური მარცვლეულის პირველი პარტიის გაგზავნა აზერბაიჯანის გავლით სომხეთში, პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც მსგავსი ტრანზიტი საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში, ომის დაწყებამდე, შეჩერდა.
„ვფიქრობ, ეს კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა აღარ არის მხოლოდ ქაღალდზე გაფორმებული, არამედ პრაქტიკაშიც ასეა“, – განაცხადა ალიევმა, აზერბაიჯანის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით.
პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჰიქმეთ ჰაჯიევმა სააგენტო Reuters-თან კომენტარში აღნიშნა, რომ სატვირთო გადაზიდვები სომხეთში საქართველოს გავლით განხორციელდება, რაც მისი თქმით, „მშვიდობის ეკონომიკური სარგებელია“.
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერმა ალიევის გადაწყვეტილება „რეგიონალური კავშირის აღდგენის, ურთიერთნდობის განმტკიცებისა და მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციისთვის უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად“ შეაფასა.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი ბოლო თვეებში აქტიურად მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც მხარეებმა მთიანი ყარაბაღის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს და კონფლიქტი ოფიციალურად დაასრულეს.