ბანკების არაპროფილური საქმიანობის ფორმალური და არაფორმალური "ანატომია"

ბანკების არაპროფილური საქმიანობის ფორმალური და არაფორმალური "ანატომია"

ფორმალურად, საქართველოში ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობა დღეს თითქოს მაქსიმალურად შეზღუდულია. სებ-ის პრეზიდენტის მიწერილობას, რომელიც ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის რეგლამენტაციას ახდენს, საფუძვლად დაედო გარემოება, რაც ბანკების მნიშვნელოვან გააქტიურებასა და აგრესიულ მარკეტინგულ ნაბიჯებს უკავშირდებოდა ბიზნესის სხვადასხვა სფეროში შესვლასთან დაკავშირებით. ძირითადი სფეროები იყო: სამშენებლო ბაზარი და დეველოპმენტი, ჰოსპიტალური სექტორი, სადაზღვევო ინდუსტრია, საცალო სავაჭრო ქსელები და სხვა.

შეშფოთების საფუძველი გახდა მოლოდინი, რომ არაპროფილურ ბიზნესებში შესვლით კომერციული ბანკები, პრაქტიკულად ულიმიტო და შეუზღუდავი ფინანსური შესაძლებლობებისა და საკმაოდ ძლიერი ლობის გათვალისწინებით, მათი შვილობილი კომპანიების მეშვეობით მალევე მოიპოვებდნენ ბიზნესის ამა თუ იმ სფეროში (მშენებლობა, დეველოპმენტი, დაზღვევა, ჰოსპიტალური სფერო და სხვა) დომინანტურ მდგომარეობას და ჩნდებოდა რისკი, პირდაპირ თუ ირიბად შეეზღუდათ ამ სფეროებში მომუშავე კომპანიების საქმიანობა. ან, უბრალოდ, შექმნილიყო “ბუნებრივი” მდგომარეობა ბიზნესის ამა თუ იმ სეგმენტიდან სხვა კომპანიების განსადევნად. უფრო მარტივად, გაჩნდა ბანკების შვილობილი კომპანიების ამა თუ იმ სფეროში მონოპოლისტურ ბიზნესსტრუქტურებად ჩამოყალიბების საფრთხე.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემის “დარეგულირება” სებ-ის პრეზიდენტის ბანკებისადმი წერილობითი დავალების გაცემის საფუძველზე მოხდა და ამით შემოიფარგლა. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება კი, მაგალითად, საქართველოს კანონში “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”, არ განხორციელებულა.

სებ-ის პრეზიდენტმა, ზემოაღნიშნული წერილით, კომერციულ ბანკებს დაავალა, გონივრულ ვადებში (დაახლოებით ერთი წელი) არაპროფილური აქტივებიდან გამოსულიყვნენ. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, აღარ ეწარმოებინათ არაპროფილური, არასაბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესი. ფორმალურად, იმის გათვალისწინებით, რომ სებ-ის პრეზიდენტის მიწერილობა კომერციული ბანკებისთვის შესასრულებლად სავალდებულოა, ეს დავალება, რა თქმა უნდა, შესრულდა -დღეს უშუალოდ ბანკები პირდაპირ აღარ არიან სამშენებლო-დეველოპერული და სადაზღვევო კომპანიების, ჰოსპიტლებისა თუ სხვა არაპროფილური ბიზნესსტრუქტურების დამფუძნებლები და უშუალო მართვაშიც არ იღებენ მონაწილეობას.

ფორმალურად ყველაფერი დალაგდა -უშუალოდ ბანკები აღარ მონაწილეობენ არაპროფილურ ბიზნესში. თუმცა ეს შეზღუდვა არ გავრცელდა საბანკო ჯგუფებსა და ბანკებთან აფილირებულ პირებზე. მაგალითად, როგორებიც არიან: ბანკების მფლობელები, ბანკის ბორდის წევრები და ტოპ-მენეჯმენტი. შესაბამისად, მოიძებნა ლეგალური “გამოსავალი”, როგორ უნდა შენარჩუნდეს არაპროფილურ ბიზნესზე “ძველი” გავლენები და კორპორაციული ინტერესები. მით უმეტეს, რეგულაციების ასახვა საკანონმდებლო აქტში, როგორც აღვნიშნეთ, პრინციპში არც განხორციელებულა.

და მაინც, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს სამომავლოდ საბანკო სფეროსთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის ან შეზღუდვის კუთხით? ვიყოთ გულწრფელები და, რაც მთავარია, რეალისტები და გამოვკვეთოთ ორი სცენარი, ე.წ. დასაშვები შესაძლებლობა და ვერსია, რომლებიც ნაკლებად სავარაუდო და ნაკლებად განხორციელებადია.

სცენარი #1. ის, რომ თავად საბანკო სფეროს, მხედველობაში მაქვს უშუალოდ ბანკები, შეიძლება უკვე საკანონმდებლო დონეზე (და არა სებ-ის დირექტივის და/ ან მიწერილობის საფუძველზე) მნიშვნელოვნად შეეზღუდოთ და/ ან აეკრძალოთ არაპროფილური აქტივების მართვა და არაპროფილური საქმიანობა, სავსებით რეალურია. ამის შესახებ პრინციპული გადაწყვეტილება სებ-ში არსებობს ბანკებისთვის მიწერილობის სახით, რომელიც ბანკებისთვის შესასრულებლად სავალდებულოა და აღნიშნული რეგულაციის უკვე უშუალოდ საკანონმდებლო ნორმატიულ აქტში (საქართველოს კანონი “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”) ასახვა, ტექნიკური საკითხია.

სცენარი# 2. იმის მოლოდინი, რომ სებ-ი ბანკების დამფუძნებლებსა და ბორდის წევრებს მაქსიმალურად შეუზღუდავს და, მით უმეტეს, აუკრძალავს არაპროფილური აქტივების დაფუძნებას, მათ მართვაში მონაწილეობას, ან უშუალოდ, პირდაპირ მართვას, ნაკლებად სავარაუდოა თავად საბანკო სფეროსა და ბანკირების საკმაოდ ძლიერი ლობისა და გავლენების ფაქტორის გათვალისწინებით. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ საქართველოში ბიზნესსაზოგადოება ჯერჯერობით ჩამოყალიბების სტადიაშია. არასაბანკო ბიზნესსექტორი საკმაოდ სუსტია და, სამწუხაროდ, რიცხობრივი თვალსაზრისითაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება საბანკო ელიტას. აღარაფერს ვამბობ მათი ლობისა და საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის, საზოგადოებრივ პროცესებზე ზემოქმედების, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საკმაოდ შეზღუდულ შესაძლებლობებზე. ამასთან, არის კიდევ ერთი ხელშემშლელი ფაქტორი -არასაბანკო ელიტა, საბანკო ელიტისგან განსხვავებით, საკმაოდ დაქსაქსული და არაკოორდინირებულია. მათთვის ჯერ კიდევ დაუძლეველი მენტალური პრობლემა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ე.წ. Common Interest გახდეს მათი თემატური გაერთიანების და ამ საერთო ინტერესში ინვესტირების განხორციელების საფუძველი. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მათ უბრალოდ არ იციან, ან არ სურთ საერთო ინტერესში თანხის ჩადება. მათ სურთ, ეს “ვიღაც” სხვამ, მათ ნაცვლად გააკეთოს. მაშინ როცა საბანკო სფეროში პირიქითაა -ბანკები და ბანკირები, ერთმანეთთან მძაფრი კონკურენციის მიუხედავად, საერთო, ე.წ. Common Interest-ის მიზნებისათვის, კარგად კოორდინირებული და საერთო ინტერესების ერთობლივად, ერთიანი ძალისხმევით, გაერთიანებული ფინანსური რესურსით განმახორციელებელი “ერთიანი ორგანიზმია” და მათ მიერ დაგეგმილი PR თუ ლობისტური საქმიანობა ყოველთვის შედეგზე ორიენტირებული და საკმაოდ ეფექტიანია. შესაბამისად, თუნდაც მხოლოდ ამ უკანასკნელი ფაქტორის გათვალისწინებით, არასაბანკო ლობი (რომელიც, პრინციპში, ინსტიტუციონალური სახითა და ფორმით, არც კი არსებობს) საბანკო ლობისთან და ბანკირების ინტერესთან ჭიდილში დამარცხებისთვისაა რომ არის “განწირული”, არც უნდა გაგვიკვირდეს.

ასე რომ, მეორე სცენარის განხორციელების ნაკლებად სავარაუდო შესაძლებლობა, ქვეყანაში არსებული ბუნებრივი სოციალ-ეკონომიკური პირობებისა და არსებული ბიზნესგარემოს რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სავსებით ლოგიკურია.

რას მოგვცემს ამ ორი სცენარით მოვლენების განვითარება? რეალურად, ჩვენ მივიღებთ სურათს, რომლის მიხედვითაც ბანკებს საკანონმდებლო დონეზე შეიძლება მნიშვნელოვნად შეზღუდული და/ ან სრულად აკრძალული ჰქონდეთ არაპროფილური აქტივების დაფუძნება და მართვა. ანუ, ბანკები ვერ დააფუძნებენ და ვერ მართავენ სხვა, არასაბანკო ბიზნესს (მაგალითად, სამშენებლო კომპანიებს, საცალო ვაჭრობის ქსელს, სასტუმრო ბიზნესსა და ა.შ.). რაც, ერთი შეხედვით, თავისთავად კარგი შედეგია, მაგრამ ამავდროულად საბანკო ელიტა პირდაპირ (ბანკის დამფუძნებლები, ბანკირები, ბანკების ბორდის წევრები, ანუ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მართავენ საბანკო ინდუსტრიას), ან მათთან აფილირებული კომპანიების მეშვეობით, პრაქტიკულად არ იქნება შეზღუდული, განახორციელოს აღნიშნული საქმიანობა.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სავარაუდო შედეგი იქნება: ფორმალურად – სავსებით რეალურია, დაწესდეს მკაცრი რეგულაცია და ბანკებისთვის მაქსიმალურად შეიზღუდოს და/ ან სრულად აიკრძალოს არაპროფილური საქმიანობა. არაფორმალურად -კანონმდებლობასა და რეგულაციაში დატოვებული “ხვრელები”, რაც საბანკო სფეროს საშუალებას მისცემს ირიბად, საკანონმდებლო შეზღუდვებისა და აკრძალვების ლეგალურად გვერდის ავლით, მაინც განახორციელოს არაპროფილური საქმიანობა. შესაბამისად, შესაძლო “პერსპექტივა” დღევანდლისგან დიდად არაფრით განსხვავდება.

თუმცა, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ეს რეალობა ლოგიკურიცაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *