ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1.55%-ით შემცირდა

ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1.55%-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 816.70 მილიონი ლარით, 1.55%-ით შემცირდა. შედეგად, იანვრის ბოლოსთვის მაჩვენებელმა 51.84 მილიარდი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.11%-იანი კლება დაფიქსირდა.

უფრო კონკრეტულად, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 166.78 მილიონი ლარით, 0.58%-ით შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 649.91 მილიონი ლარით, 2.73%-ით.

სებ-ის ინფორმაციით, იანვრის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 8.51 მილიარდი ლარი, ხოლო უცხოური ვალუტით – 14.41 მილიარდი ლარი შეადგინა. პირველ შემთხვევაში წინა თვესთან შედარებით 3.21%-იანი კლება, მეორე შემთხვევაში კი 3.14%-იანი შემცირება დაფიქსირდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვრის განმავლობაში 0.13%-ით, ანუ 35.41 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თვის ბოლოსთვის 27.16 მილიარდი ლარი შეადგინა.

აქვე აღსანიშნავია, რომ იანვრის ბოლოსთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.30% შეადგინა. ეს წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.54 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მონაცემია.