ბანკების პრობლემებმა კრიპტობაზარი შეარყია - ბიტკოინის ფასი ოთხთვიან მინიმუმამდე დაეცა

ბანკების პრობლემებმა კრიპტობაზარი შეარყია - ბიტკოინის ფასი ოთხთვიან მინიმუმამდე დაეცა

დღეს ბიტკოინის ფასი 6.4%-ით შემცირდა და დაახლოებით 103,600 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა, რაც ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ცნობისთვის, ყველა დროის მაქსიმუმთან შედარებით მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტა თითქმის 18%-ით არის გაუფასურებული.

ბიტკოინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს 6 ოქტომბერს მიაღწია, როდესაც მისმა ღირებულებამ 126,000 აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთისთვის 100%-იანი ტარიფების დაწესების მუქარის შემდეგ მოხდა, როდესაც ბევრმა ბიტკოინი უსაფრთხო ინვესტიციად მიიჩნია.

ბიკოინის ფასის კლებამ სხვა კრიპტოვალუტების ღირებულებაც მკვეთრად შეამცირა. ეთერიუმის ფასი 25.7%-ით დაეცა აგვისტოში დაფიქსირებულ ყველა დროის მაქსიმუმთან შედარებით – 4,955 აშშ დოლარიდან 3,679 აშშ დოლარამდე.

რაც შეეხება სხვა კრიპტოვალუტებს, BNB-ის ღირებულება 10.6%-ით შემცირდა, XRP-ის – 7.4%-ით, Solana-ს – 8.3%-ით, Tron-ის – 4.8%-ით და მემ ტოკენ დოჯკოინის კი – 8.7%-ით.

CoinGecko-ს მონაცემებით, შედეგად, გლობალური კრიპტობაზრის ჯამური საბაზრო ღირებულება 9 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, $476 მილიარდით შემცირდა და, ხუთშაბათის მდგომარეობით, $3.76 ტრილიონი შეადგინა.

კრიპტოვალუტის ბაზარზე, როგორც ჩანს, ნეგატიურად აისახა ბოლო კვირის განმავლობაში რეგიონულ ბანკებში გაჩენილი საკრედიტო პრობლემები. კერძოდ, Zions Bancorp-მა განაცხადა, რომ მესამე კვარტალში 50 მილიონი დოლარის ზარალს ელის უიმედო სესხის გამო, ხოლო Western Alliance-მა განაცხადა, რომ მსესხებელს თაღლითობის ბრალდებების გამო უჩივლებს. მანამდე კი ავტოკრედიტორებმა, First Brands-მა და Triocolor Holdings-მა, გაკოტრების შესახებ განცხადებები გააკეთეს.