ბაფეტმა Amazon-ში წილი შეამცირა და New York Times-ში ინვესტიციები გაზარდა

ბაფეტმა Amazon-ში წილი შეამცირა და New York Times-ში ინვესტიციები გაზარდა

ფოტო: Getty Images

 

გასული წლის მეოთხე კვარტალში მილიარდერი ინვესტორის, უორენ ბაფეტის კონგლომერატმა, Berkshire Hathaway-მ, ამერიკულ ტექნოლოგიურ და ელექტრონული კომერციის გიგანტ Amazon-ში თავისი წილი 75%-ზე მეტით შეამცირა. სანაცვლოდ კი ბაფეტის კონგლომერატმა The New York Times Company-ში ინვესტიციები გაზარდა.

სამშაბათს, მარეგულირებელი ორგანოებისთვის წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, Berkshire-მა დეკემბრის ჩათვლით უკანასკნელ სამ თვეში New York Times Co.-ის 5.1 მილიონი აქცია შეიძინა. შედეგად, ბაფეტის კონგლომერატი ამერიკულ მედიაგამომცემლობაში, დეკემბრის მონაცემებით, $351.7 მილიონის ღირებულების აქციებს ფლობს.

რაც შეეხება Amazon-ს, Berkshire-მა კომპანიაში წილი პირველად 2019 წელს შეიძინა. მაშინ ბაფეტმა განაცხადა, რომ ტექნოლოგიური აქციების მიმართ მისი ისტორიული „ზიზღის“ მიუხედავად, ძალიან შეცდა, Amazon-ის აქციები უფრო ადრე რომ არ იყიდა. თუმცა ბოლო პერიოდში Berkshire კომპანიაში წილს ამცირებს და ამჟამად Amazon-ის დაახლოებით 2.3 მილიონ აქციას ფლობს.

Amazon-ის გარდა, გასული წლის მეოთხე კვარტალში ბაფეტის Berkshire-მა წილები Bank of America Corp.-სა და Apple Inc.-შიც შეამცირა, შესაბამისად, 7.1%-მდე და 1.5%-მდე. სამაგიეროდ, ამ პერიოდში Berkshire Hathaway-მ ინვესტიციები გაზარდა ნავთობმწარმოებელ Chevron Corp.-სა და სადაზღვევო ფირმა Chubb Ltd-ში (შესაბამისად, 6.5%-მდე და 8.7%-მდე).

Amazon-ში აქციების გაყიდვისა და New York Times-ში ინვესტიციების გაზრდის გადაწყვეტილება, შესაძლოა, Berkshire-ის CEO-ს რანგში ბაფეტის ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი ყოფილიყო. 95 წლის ინვესტორმა გასულ წელს Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა. ცნობისთვის, ამერიკული Forbes-ი უორენ ბაფეტის ქონებას ამ დროისთვის $148.9 მილიარდად აფასებს, რაც მას მსოფლიოში მეათე უმდიდრეს ადამიანად აქცევს.