მილიარდერმა ინვესტორმა და ფილანთროპმა, უორენ ბაფეტმა, ორშაბათს, მადლიერების დღისადმი მიძღვნილ წერილში საქველმოქმედო ტემპების დაჩქარების შესახებ განაცხადა. კერძოდ ბაფეტი, სიცოცხლის ბოლომდე, თავისი შვილების მფლობელობაში არსებულ ფონდებს ჯამში Berkshire Hathaway-ს $1.35 მილიარდის ღირებულების B კლასის აქციებს გადასცემს.
ეს მემკვიდრეობასთან დაკავშირებით უორენ ბაფეტის პირველი ოფიციალური განცხადებაა მას შემდეგ, რაც მილიარდერმა წლის ბოლომდე Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადადგომა დააანონსა. როგორც ამერიკელი ინვესტორის წერილიდან ვიგებთ, შვილების ფონდებისთვის დონაციების ტემპის დაჩქარებით სურს გაზარდოს ალბათობა, რომ ისინი ბაფეტის ქონების სრულად საქველმოქმედო მიზნების გამოყენებას მათივე მმართველობის პერიოდში მოასწრებენ. მანამ, სანამ მათ ალტერნატიული რწმუნებულები ჩაანაცვლებენ.
ბაფეტის შვილებს, რომლებიც 72, 70 და 67 წლის არიან, სამი ალტერნატიული რწმუნებული ჰყავთ. რწმუნებულები მათ ჩაანაცვლებენ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი გარდაიცვლება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფონდის ხელმძღვანელობას ჩამოშორდება.
რაც შეეხება კომპანიის A-კლასის აქციებს, ისინი კვლავ ბაფეტის საკუთრებაში რჩება მანამ, სანამ Berkshire-ის აქციონერები, მის მემკვიდრეს, Berkshire Hathaway Energy-ის აღმასრულებელ დირექტორ გრეგ აბელს ერთხმად მხარდაჭერას გამოუცხადებენ. როგორც თავად ამერიკელი ინვესტორი აცხადებს, ის და მისი შვილები აბელში 100%-ით დარწმუნებულნი არიან.
Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორი, 95 წლის უორენ ბაფეტი, ამჟამად მსოფლიოში მე-10 უმდიდრესი ადამიანია. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ბაფეტი $147.1 მილიარდის ქონებას ფლობს. ცნობისთვის, მილიარდერი დაკავებულ პოსტს მიმდინარე წლის ბოლოს დატოვებს და მას შემდეგ, როგორც ამბობს, მხოლოდ მადლიერების დღისადმი მიძღვნილი წერილების გამოქვეყნებით შემოიფარგლება.














