ბარიერი, რომელიც არ არსებობს

ბარიერი, რომელიც არ არსებობს

ახლა, როდესაც თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, წესით და რიგით, გარეთ არ უნდა თოვდეს. არ უნდა იყოს თბილისური ჭყაპი და არ უნდა ყინავდეს. თუმცა, როდესაც ამ პუბლიკაციის მთავარ გმირთან მივედი ინტერვიუზე, თბილისში თოვდა და ყინავდა. აბსოლუტურად არავითარი კავშირი არ ექნებოდა ამინდის პროგნოზს ამ სტატიასთან, რომ არა ერთი განსაკუთრებული ფაქტორი. არანაირად არ ველოდი, რომ საკონფერენციო ოთახში შემოვიდოდა ახალგაზრდა ქალი თეთრი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, თეთრი ქვედაბოლოთი და მწვანე პიჯაკით. არა, ცხადია, ვფიქრობდი, რომ დიდი ალბათობით, ჩემი რესპონდენტი კლასიკურად იქნებოდა ჩაცმული, მაგრამ ამ საძაგელ, ჭყაპიან ამინდში ასეთ ფერებს არ ველოდი. ინტერვიუს მიწურულსღა გავარკვიე ჩემი გაკვირვების მიზეზი: მას ძალიან არ უყვარს მუქი ფერები, არასდროს აცვია შავი და ეს მის გარშემო ყველამ იცის. საღამოს რვა საათია დაწყებული, თავისუფლების მოედანზე, ტაბიძის ქუჩაზე, მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო თამბაქოს კომპანიის, Philip Morris- ის საქართველოს წარმომადგენლობის ოფისში სამუშაო დღის ბოლოა. ნონა მამულაშვილი, კომპანიის კორპორაციული განყოფილების ხელმძღვანელი კოკა-კოლას ხსნის და ინტერვიუსთვის ემზადება.

დაახლოებით ორსაათიანი საუბრის შემდეგ ნონას ხასიათში ბევრი ისეთი შტრიხი აღმოვაჩინე, რომლებიც მის გარეგნულ მონაცემებს ვერაფრით დავუკავშირე. არ ვაღიარებ სტერეოტიპებს, ჩარჩოებს და ამის გამო ხშირადაც მიწევს კამათი, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ინტერვიუდან გამოსული საკუთარ თავს ვეკამათე იმის გამო, რომ ჩემდა უნებურად სტერეოტიპების მსხვერპლად ვიქეცი. საბოლოოდ, ყველაფერი მაინც ნონას “დავაბრალე”. იმიტომ რომ, ერთი შეხედვით, ნაზი, მოღიმარი, ფერადი ქალის მიღმა აღმოჩნდა ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი, რომელიც არასდროს კმაყოფილდება მიღწეულით, ყოველთვის და ყველგან ეძებს სიახლეს, არ ეშინია ცვლილებების და მიზანი, რომელსაც ის დაისახავს, აუცილებლად უნდა შესრულდეს.

განათლებას ასაკი არა აქვს

სიახლეების ძიებასა და მიზანსწრაფვას შეიძლება დავუკავშიროთ მისი დაუოკებელი სურვილი ახალი და ახალი უნარების შეძენისა. “სწავლას და განათლების მიღებას არა აქვს ასაკი, – მეუბნება ნონა – თუ გავჩერდები, მეშინია, რომ ვეღარ განვვითარდები და ახლაც, მიუხედავად ჩემი დატვირთული გრაფიკისა, ვცდილობ, ისევ გავაგრძელო სწავლა”…

ნონა მამულაშვილი თავადაც აგრძელებს საკუთარი პროფესიული უნარების დახვეწას და სხვებსაც ასწავლის. არაერთი ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობის პარალელურად, 2006 წლიდან მოყოლებული, ის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოციირებული პროფესორია. მცირე პაუზის შემდეგ, ნონა დარწმუნებულია, რომ კვლავაც გააგრძელებს საქმიანობას ლექტორის რანგში შავი ზღვის უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც ის წლების განმავლობაში ასწავლიდა პოლიტიკურ იდეოლოგიას, დიპლომატიურ პროტოკოლს, კონფლიქტების რეზოლუციას…

ალბათ ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რა შუაშია თამბაქოს წამყვანი საერთაშორისო კომპანია და დიპლომატია, მაგრამ როცა საქმე ნონა მამულაშვილის მიზნებს ეხება, იქ ყველა კითხვას თავისი პასუხი აქვს. და თუ ამბავს ბავშვობიდან დავიწყებთ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ დიპლომატიამ, უფრო ზუსტად კი წიგნებში ამოკითხულმა ფრანგულმა დიპლომატიამ ნონა ბავშვობიდან გაიტაცა: “რაღაც ზღაპრულ სამყაროდ წარმომედგინა დიპლომატთა ცხოვრება და ვოცნებობდი, ოდესმე მეც მოვხვედრილიყავი ამ სამყაროში”, – მიყვება ნონა. თუმცა ამ ოცნების ასრულება დროებით გადადო. 90-იანი წლების მიწურულს, სკოლა რომ დაამთავრა, გადაწყვიტა, სწავლა აუცილებლად ინგლისურ ენაზე გაეგრძელებინა. იქიდან გამომდინარე, რომ საზღვარგარეთ წასვლა სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ნონამ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩააბარა, რომელიც იმ პერიოდში ერთადერთი უნივერსიტეტი იყო, სადაც სწავლა ინგლისურად მიმდინარეობდა და ახლად დაარსებულ უნივერსიტეტს ერთადერთი ფაკულტეტი, ბიზნესადმინისტრირება ჰქონდა. ასე აღმოჩნდა დიპლომატობაზე მეოცნებე ნონა ბიზნესში. თუმცა, ნონას თქმის არ იყოს, განათლების მიღებას ხომ ვადები არა აქვს…

ნონა მამულაშვილმა, როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა, უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზევე მიიღო სამსახურის შეთავაზება ამერიკული კომპანია Caterpillar-ისგან, სადაც მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე წელიწად-ნახევარი იმუშავა. ამ კომპანიას ეუთოს მისია მოჰყვა, ლოგისტიკის მიმართულებით. თუმცა, ნონას არ ტოვებდა სურვილი, მიეღო განათლება დიპლომატიის მიმართულებით. მეტიც, მან ეს სურვილი მიზნად აქცია. საფრანგეთში ენის შესასწავლ ორკვირიან კურსებზე წასულმა, განცხადება შეიტანა ლონდონის დიპლომატიური აკადემიის ფილიალში, საიდანაც სულ მალე ჩარიცხვის დასტური მიიღო. “ერთი წელი ვისწავლე მაგისტრატურაში. შევისწავლე დიპლომატია არაბულ და ისლამურ ქვეყნებში. პარალელურად, დავხვეწე ფრანგული ენა და ამის შემდეგ განაცხადი შევიტანე სორბონის უნივერსიტეტში, თანამედროვე ისტორიის ფაკულტეტზე. სადისერტაციო თემად კი ავირჩიე “რადიკალური ისლამის გავრცელება ჩრდილოეთ კავკასიაში”. საკმაოდ საინტერესო დისერტაცია გამოვიდა. სწორედ იმ პერიოდში შევხვდი ცნობილ რუს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას, რომელმაც ძალიან ბევრი ინფორმაცია მომაწოდა ამ თემის გარშემო. სამწუხაროდ, ექვსი თვის შემდეგ ის მოკლეს”.

ნონამ ორი წელი ისწავლა სორბონაში. მოიპოვა დოქტორის ხარისხი და ამის პარალელურად ისევ საფრანგეთში, დიპლომატიურ და სტრატეგიულ მეცნიერებათა ცენტრში დაიწყო მუშაობა კიდევ ერთ სადოქტორო ნაშრომზე, რომელზეც ახლაც აგრძელებს მუშაობას და იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში დაასრულებს.

კარიერა საფეხურებით – დიპლომატიიდან კვლავ ბიზნესში

სადოქტორო ნაშრომისთვის კვლევის ჩასატარებლად ნონას ჰარვარდის უნივერსიტეტში მოუწია წასვლა. სწორედ იქ ყოფნისას, 2005 წელს მიიღო მან შეთავაზება საქართველოს პრეზიდენტისგან, საქართველოში ჩამოსულიყო და მუშაობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაეწყო. ამ წინადადებას ნონა ექვსი თვის თავზე დათანხმდა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ანალიტიკური ჯგუფის მუშაობაში ჩაება, სადაც ის საგარეო პოლიტიკას კურირებდა. წელიწად-ნახევარში გადაწყვიტა, რომ ამ საქმიანობაში მან ამოწურა საკუთარი თავი და სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა მისთვის საინტერესო ვაკანსია საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დეპარტამენტში, მრჩევლის თანამდებობაზე: “საგარეო საქმეთა სამინისტროში იმ მოლოდინით გადავედი, რომ მომავალში დიპლომტიურ სფეროში უფრო ღრმად ჩავერთვებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დიდი ბიუროკრატიული წნეხის გაძლება არ იყო ადვილი. გარდა ამისა, ისიც გავაცნობიერე, რომ თუკი დიპლომატის კარიერას ავირჩევდი, შესაძლოა საქართველოდან წასვლის აუცილებლობა დამდგარიყო, რაც იმ პერიოდში, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემთვის მისაღები ვერ იქნებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოშიც შემეძლო მნიშვნელოვანი საქმეების კეთება”…

და სულ მალე ნონა მამულაშვილმა ერთ- ერთი მსხვილი თამბაქოს კომპანიისგან კორპორაციული მარეგულირებლის პოზიციის შეთავაზება მიიღო. ამ კომპანიაში მისი კარიერა გეომეტრიული სისწრაფით წარიმართა. ის იყო კომპანიის ქართული წარმომადგენლობის კავკასიის კორპორაციული და მარეგულირებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელი. “ეს ის იყო, რასაც ადრე ვაკეთებდი, ოღონდ სხვა ჭრილში – უკვე კერძო სექტორიდან ვმუშაობდი სახელმწიფოსთან”. ნონამ აღმოაჩინა, რომ ეს იყო სფერო, რომელიც აინტერესებდა – ის იყო ბიზნესში და ამავდროულად, იყო სახელმწიფო სფეროშიც. თუმცა 2011 წელს, ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ, მან კომპანიაში მუშაობაზეც უარი თქვა. წარმატებულ კარიერაზე დროებით უარის თქმის მიზეზი ოჯახი გახდა. “მიწევდა ინტენსიური მოგზაურობა, უფროსი შვილი ერთი წლის იყო. მეორე შვილს ველოდებოდი და ფიზიკურად ვეღარ შევძელი მუშაობა. თითქმის ორი წელი ვიყავი ბავშვებთან”.

თუმცა ორი წლის თავზე გაჩნდა ახალი და ძალიან სერიოზული შემოთავაზება ამჯერად ფარმაცევტული ბაზრის ლიდერისგან – Pfizer-ისგან. ამ კომპანიის პორტფოლიო მოიცავს როგორც ადამიანებისა და ცხოველებისთვის განკუთვნილ წამლებსა და ვაქცინებს, ისე საკვებ პროდუქტებს. ნონამ კომპანიის რეგიონალურ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებზე წვდომის მენეჯერისა და გლობალური ინოვაციური პროდუქტების ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავა…

2015 წლის დასაწყისში კი ნონა მამულაშვილის ცხოვრებაში ჩნდება ახალი კომპანია, ახალი გამოწვევა – “ფილიპ მორისი”, მსოფლიოს ლიდერი თამბაქოს კომპანია, მისი წარმომადგენლობა საქართველოში და კორპორაციული განყოფილების ხელმძღვანელის პოზიცია. 15 ცნობილი საერთაშორისო თამბაქოს ბრენდიდან, ექვსს, მათ შორის ყველაზე გამორჩეულს, Marlboro-ს, სწორედ “ფილიპ მორისი” ფლობს. კომპანიაში 80 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. შესულია მსოფლიოს 180-ზე მეტ ბაზარზე და ოპერირებს 32 ქვეყანაში. “საინტერესო დროს მომიწია Philip Morris-ში მუშაობის დაწყება. სწორედ მაშინ მთავარი ოფისი პირველად ტესტავდა შემცირებული რისკის მქონე (RRP) პროდუქციის გამოშვებას. დღესდღეობით, ერთი მილიონი მწეველი მსოფლიოში ამ თამბაქოს მოიხმარს. ეს არის პროდუქტი, რომელსაც შეუძლია, მთლიანად შეცვალოს არა მხოლოდ ჩვენი ბიზნესი, არამედ დადებითი გავლენა იქონიოს საზოგადოებაზე. იმედი მაქვს, საქართველოშიც მალე იქნება შესაძლებელი მისი შეძენა”.

ორი წელი ხდება, რაც ნონა ამ კომპანიაში მუშაობს და მისი საქმიანობის არეალში ექცევა როგორც კორპორაციული საკითხები, ისე საზოგადოებრივი და მედიასთან ურთიერთობები. ამის პარალელურად, ნონა ხდება საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი.

კარიერულ კიბეზე ამ საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალის შემდეგ ჩნდება კითხვა, არ არის ძნელი ამდენი ცვლილება, ამდენი სიახლე, ამდენი პასუხისმგებლობა? ამ კითხვაზე ნონას ერთი და ცალსახა პასუხი აქვს: “მე არასდროს ვცდილობ, დავრჩე კომფორტის ზონაში. პირიქით, მაშინ ვივსები ძალითა და ენერგიით, როცა ვტოვებ კომფორტის ზონას და გამოწვევებს ვეჭიდები. არ ვუშინდები პასუხისმგებლობას. არც რისკებს. თუკი გინდა, რომ შენ უკან რაიმე დატოვო, შიში უნდა დაივიწყო. მე რომ ჩემს კომფორტის ზონაში დავრჩენილიყავი, მაშინ ვერასდროს მივაღწევდი ამდენს. ვერასდროს ვისწავლიდი ხუთ ენას (ინგლისური, ფრანგული, რუსული, თურქული, ესპანური), ვერ ავიხდები ბავშვობის ოცნებას და ვერ შევისწავლიდი დიპლომატიას”…

პერფექციონიზმი – მაქსიმუმის მაქსიმუმი

ნონა პერფექციონისტია. ამ დასკვნამდე ჯერ კიდევ ჩვენი საუბრის შუაში მივედი. ძალიან ხშირად ახსენებს ფრაზას – უკეთ შემეძლო, უკეთ შემეძლო. საბოლოოდ კი მაშინ დავრწმუნდი მის პერფექციონიზმში, როცა თქვა, ზარმაცი ვარო. ალბათ ბევრი თვისება შეიძლება მიაწერო მას, მაგრამ ნონაზე საუბრისას, სიზარმაცე, წესით, ყველაზე ბოლოს ან საერთოდ არ უნდა გაგახსენდეს. მის პერფექციონიზმზე მეტყველებს კიდევ ერთი მისი თვისება. კრიტიკოსი. ის საკუთარი თავის გამოუსწორებელი კრიტიკოსია: “მიუხედავად იმისა,რომ საქმის კეთებისას მაქსიმალურად ვიხარჯები, მაინც ვფიქრობ ხოლმე, რომ უკეთ შემეძლო. ჰო, გეთანხმებით, ჩემი პერფექციონიზმი, სამწუხაროდ, ძალიან მირთულებს ცხოვრებას. ძალიან დიდი ენერგია მიაქვს. ტვინი მუდმივ რეჟიმში მუშაობს და ვერ ვისვენებ. სამსახურიდან რომ გავდივარ, ვცდილობ, საქმეზე აღარ ვიფიქრო და ეს პერიოდი მთლიანად დავუთმო ბავშვებსა და ოჯახს, მაგრამ იშვიათად გამომდის”… ამ თემას აუცილებლად დავუბრუნდებით სტატიის ბოლოსკენ, სადაც ნონას გოგონები, 7 წლის სესილი და 5 წლის ლილიც გამოჩნდებიან…

მანამდე კი ნონა ლაპარაკობს იმ გუნდზე, რომელთანაც ის მუშაობს. პროფესიონალთა შეკრული გუნდი. გუნდი, რომელსაც უყვარს თავისი საქმე და გუნდი, რომელმაც იცის, რომ მათი საქმე აუცილებლად ფასდება. ასე ახასიათებს ნონა მამულაშვილი კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს და კომპანიის პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას: “ჩვენი პოლიტიკა ასეთია. კომპანიაში ბევრი ქალი უნდა იყოს დასაქმებული. აუცილებლად უნდა იყოს დაცული გენდერული ბალანსი, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია”.

ნონა თავისი წარმატების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად კომუნიკაბელურობის განსაკუთრებულ უნარს ასახელებს. მიაჩნია, რომ თუკი ადამიანი არ არის ამ თვისების მატარებელი, მას გუნდთან მუშაობა გაუჭირდება. მეტიც, ნონა ამბობს, რომ ის ცდილობს, ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას: “მინდა, რომ ადამიანებს მაქსიმალურად მივცე საშუალება, თავი გამოიჩინონ. როდესაც ვხედავ, რომ ადამიანს აქვს პოტენციალი, ყველანაირად ვცდილობ, რომ ეს პოტენციალი გამოავლინოს. მე მჭირდება ადამიანები, რომლებიც ჩემს ჩრდილში კი არა, ჩემ გვერდით, ჩემთან ერთად იდგებიან”…

ნონას ფერები

ნონას დღე დილის 6 საათზე იწყება. ამის მიზეზი კი მისი გოგონები არიან. ხუმრობით ამბობს, მგონი, ჩვენ შვილებს ინსომნია აქვთო. დილაადრიან იღვიძებენ და პირდაპირ ჩვენს საძინებელში შემორბიან. “დილის 8 საათისთვის სახლიდან გავდივართ. სესილი სკოლაში მიდის, ლილი – ბაღში. შემდეგ კი იწყება გრძელი დღე სამსახურში. ჯერ მეილების შემოწმება, ახალი ამბების გაცნობა, შემდეგ – შეხვედრები. საქმიანობა ძირითადად ოფისს გარეთ მიწევს. არც ერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს. დღის ბოლოს ისევ სამსახურში ვბრუნდები და ვაჯამებ შეხვედრებს. როგორც წესი, ოფისში 8-9 საათამდე ვრჩები”.

ნონას გადატვირთულ გრაფიკს გაგებით ეკიდება მისი ფრანგი მეუღლე. ნონამ მომავალი ქმარი საქართველოში, საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე გაიცნო: “მე რომ საფრანგეთში წავედი სასწავლებლად, ის იმ პერიოდში ტურისტად ჩამოვიდა საქართველოში. შემდეგ ისე მოეწონა აქაურობა, რომ გადაწყვიტა, აქ დარჩენილიყო. ქართული ენა შეისწავლა და დღეს მეგობრებთან ერთად რესტორაციის ბიზნესშია ჩაბმული”.

აღმოჩნდა, რომ ნონასთვის განტვირთვისა და ენერგიის აღდგენის საუკეთესო საშუალება ხატვაა. ბავშვობიდან ხატავს, თუმცა პროფესიულ დონეზე ხატვა არასდროს უსწავლია. ძირითადად რეპროდუქციებს აკეთებს. იქიდან გამომდინარე, რომ უყვარს ფერები, ცდილობს, საკუთარ რეპროდუქციებსაც განსაკუთრებული ფერები შესძინოს. სახლში აქვს კუთხე, სადაც შეუძლია განმარტოვდეს და ხატოს: “ცოტა ხნის წინ დავასრულე მიროს ნახატებზე მუშაობა. ზოგჯერ გინდა, რომ იყო სულ მარტო, ცოტა ხნით გამოეთიშო ყველას და ყველაფერს. სწორედ ხატვა მაძლევს ამის საშუალებას”, – ამბობს ნონა. მისი კიდევ ერთი გატაცება კი წერაა. ნონა წერს ე.წ. “ადამიანურ ისტორიებს პორტალისთვის Narratively”.

პუბლიკაციის დასაწყისში ნონას ფერად და კლასიკურ ჩაცმულობაზე ვწერდი. ჩაცმის კლასიკური სტილი მისი ყოველდღიური ცხოვრება და კომფორტია. ეს სტილი არასდროს ყოფილა მისთვის მოსაწყენი და არასდროს დაუწუწუნია, მომბეზრდა ქუსლებზე კაკუნიო. პირიქით, როგორც თვითონ მეუბნება, ხანდახან, როცა მოგზაურობისას ან დასვენების დღეებში სპორტული ფეხსაცმლის ჩაცმა უწევს, თავს არაკომფორტულად გრძნობს: “ბიზნესი და დიპლომატია ითხოვს, რომ ადამიანი სულ ფორმაში იყოს. ყურადღება ექცევა იმას, თუ რა გაცვია, როგორ გამოიყურები. ძალიან მომწონს დახვეწილი, გემოვნებით ჩაცმული ადამიანები. დილით რომ ვდგები, სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც გარდერობში ვარჩევ ტანსაცმელს, აქსესუარებს. სიმართლე რომ გითხრათ, ყოველდღიურად დიდ დროს არ ვუთმობ საკუთარ გარეგნობას. თუმცა, სახლში დავდგი სავარჯიშო მოწყობილობები და ასე ვცდილობ, ფორმა შევინარჩუნო. გარდა ამისა, ძალინ მიყვარს ცეკვა. ცეკვა უარყოფითი ენერგიისგან მათავისუფლებს და სიცოცხლის ძალებით მავსებს”.

ნონა ახალგაზრდა ქართველი დიზაინერების თაყვანისმცემელია. ტანსაცმელსა და აქსესუარებს ხშირად სწორედ მათთან ყიდულობს. პირველ რიგში იმიტომ, რომ მოსწონს და გარდა ამისა, ის ასე ცდილობს დაეხმაროს ახალგაზრდა დიზაინერებს, რომლებიც ახლა იდგამენ ფეხს ამ ბიზნესში. უყვარს სტარტაპების ხელშეწყობა. ამბობს, რომ ძალიან მოსწონს ქართული წინდების ბრენდი Alter Socks და მათი წარმოების უამრავი წინდა აქვს. განსაკუთრებით უყვარს მარინა ნაცვლიშვილის შექმნილი ქართული სამკაული. უფრო ზუსტად კი დიდი ზომის ბეჭდები. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ფერადი ბეჭედი უკეთია თითზე და ამბობს, “ვერ ვხვდები, რატომ უნდა გავიკეთო პატარა ბეჭედი, რომელიც არც კი გამოჩნდება”. საერთოდ კი შოპინგი მისი ანტიდეპრესანტია.

თუმცა, რაკი საუბარი ანტიდეპრესანტზე ჩამოვარდა, ახლა საქმეში უნდა ჩაერთონ სესილი და ლილი. სტატიის ეს ნაწილი, თუ გნებავთ, დასასრული, ალბათ ყველაზე უკეთ გამოხატავს იმას, თუ რას ნიშნავს, როდესაც ხარ ქალი, თან წარმატებული ქალი და გყავს ოჯახი, რომელიც შენგან იმავე ყურადღებას და უფრო მეტ ყურადღებასაც მოითხოვს, რასაც საქმე. ნონა იხსენებს ერთ მარტივ დიალოგს, რომელიც მასა და მის გოგონებს შორის შედგა: “ამ რამდენიმე ხნის წინ, სახლში დაბრუნებულს, ლილი დამხვდა ფეხი ფეხზე გადადებული, ხელში კალკულატორით. ვკითხე, რას აკეთებ-მეთქი და მიპასუხა, ვითომ დედა ვარ, მესიჯებს ვგზავნი და არ მცალიაო. სესილიმ კი დააყოლა: დედას სამი შვილი ჰყავს: სესილი, ლილი და ტელეფონი… და მე ძალიან შემრცხვა, გული მწყდება, რომ ბავშვები იზრდებიან და მე მათ გვერდით ვერ ვატარებ იმდენ დროს, რამდენსაც უნდა ვატარებდე, მათ დედაჩემი ზრდის. ვცდილობ, რომ შაბათ-კვირა მაქსიმალურად მათთან ერთად ვიყო. შვებულებასაც მათთან ერთად ვატარებ, მაგრამ ბავშვებს უფრო მეტი უნდათ”…

საღამოს 10 საათი დაიწყო. ინტერვიუს მოვრჩით. ნონამ გამომაცილა და სამუშაო ოთახში შებრუნდა. სახლში გვიან დაბრუნებულს, შესაძლოა, გოგონები უკვე დაძინებულებიც კი დახვდნენ, თუმცა, დილის 6 საათიც მალე მოვა… და დაიწყება ნონას, ჯერ როგორც დედის და მერე როგორც საქმიანი ქალის, ახალი დღე.