ბათუმში, 2021 წლის პირველ ნახევარში ბინების 5,139 ტრანზაქცია დაფიქსირდა

ბათუმში, 2021 წლის პირველ ნახევარში ბინების 5,139 ტრანზაქცია დაფიქსირდა

Recov.ge-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის სექტემბერში, ბათუმში, ბინების 1 048 ტრანზაქცია დაფიქსირდა. აღნიშნული მაჩვენებელი 28%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე და 19%-ით ნაკლებია 2019 წლის სექტემბერთან შედარებით. თითქმის მსგავსი პროპორციის ცვლილება დაფიქსირდა ბაზრის ზომაშიც და მან 2021 წლის სექტემბერში გასულ წელთან შედარებით 25%-იანი ზრდა დააფიქსირა, ხოლო 2019 წელთან შედარებით – 20%-იანი კლება.

შეიძლება ითქვას, რომ თბილისისაგან განსხვავებით, ბათუმში 2021 წლის სექტემბერში საერთო ტრანზაქციების უმეტესობა, დაახლოებით 90%, ახალაშენებულ ბინებზე მოდის. 1 048 ტრანზაქციიდან 911 სწორედ ახალაშენებულ პროექტებში დარეგისტრირდა. რაც შეეხება ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობას, ის 40%-ით მეტია გასული წლის და 2%-ით მეტია 2019 წლის მონაცემებზე.

მკვეთრია ცვალებადობა ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომაშიც. 2021 წლის სექტემბერში ის 20%-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით, თუმცა 24%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თბილისის მსგავსად, სეგმენტურ განაწილებაში უდიდესი წილი ბინების ეკონომსეგმენტს უკავია. ახალაშენებული ბინების ეკონომსეგმენტი გასულ წელთან შედარებით 62%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 16%-ით არის გაზრდილი. საინტერესოა, რომ თუკი თბილისის შემთხვევაში მედიუმ და პრემიუმსეგმენტებს საკმაოდ დიდი პროცენტული ზრდა ჰქონდა, ბათუმის შემთხვევაში ტრანზაქციების რაოდენობა ორივე სეგმენტში 2019 წელთან შედარებით 55 და 54%-ებით არის შემცირებული.

საერთო ჯამში, ბათუმში, 2021 წლის პირველ ნახევარში ბინების 5,139 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 64%-ით, ხოლო 2019 წლის მონაცემებზე 17%-ით მეტია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.