ბავშვთა ექსპლუატაციის ხელშეწყობისთვის Meta-ს $375 მილიონის გადახდა დაეკისრა

ბავშვთა ექსპლუატაციის ხელშეწყობისთვის Meta-ს $375 მილიონის გადახდა დაეკისრა

ფოტო: Getty Images

 

ნიუ-მექსიკოს შტატის სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებით, Meta-ს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ადგილობრივი კანონმდებლობის დარღვევისთვის, $375 მილიონის გადახდა დაეკისრა. სოციალური მედიის გიგანტს ბრალი ედება საკუთარი პლატფორმების მეშვეობით ბავშვთა ექსპლუატაციის ხელშეწყობასა და მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანაში — კერძოდ, იმ ნეგატიური გავლენის დამალვაში, რომელსაც პლატფორმები მოზარდების მენტალურ ჯანმრთელობაზე ახდენს.

ნაფიცმა მსაჯულებმა საქმის განხილვა ორშაბათს დაიწყეს და დაასკვნეს, რომ კომპანიამ „არამართლზომიერი ბიზნესპრაქტიკის შესახებ კანონი“ დაარღვია. მათი მტკიცებით, Meta იყენებდა არაეთიკურ ტაქტიკას, რაც არასრულწლოვანთა ექსპლუატაციის რისკებს ზრდიდა. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის სოციალური მედიის კომპანიებისთვის, განსაკუთრებით კი Meta-სთვის, რომელიც მსგავს ბრალდებებს ფედერალურ დონეზეც ებრძვის.

ნიუ-მექსიკოს გენერალურმა პროკურორმა, რაულ ტორესმა, რომელმაც Meta-ს წინააღმდეგ სარჩელი სამი წლის წინ შეიტანა, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს „ისტორიული გამარჯვება“ უწოდა. მისი განცხადებით, Meta ბავშვთა უსაფრთხოებაზე მაღლა კომპანიის მოგებას აყენებს და შეგნებულად აძლევდა დამნაშავეებს უფლებას, Facebook-ი და Instagram-ი ბავშვთა ექსპლუატაციისთვის გამოეყენებინათ.

გარდა ამისა, ნიუ-მექსიკოს იუსტიციის დეპარტამენტმა Meta-ს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა „საზოგადოებრივი ზიანის“ მიყენების ბრალდებით. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 4 მაისს დაიწყება. იუსტიციის დეპარტამენტი, ფულადი კომპენსაციის გარდა, პლატფორმებზე სისტემურ ცვლილებებსაც ითხოვს, მათ შორის, რეგისტრაციისას ასაკის გადამოწმების გამკაცრებასა და არასრულწლოვნების დაცვას დაშიფრული კომუნიკაციებისგან.