საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთი ბანკის“ შესაძლო შეძენისთვის განსახორციელებელი კონცენტრაციის განხილვის პროცედურები დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სებ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
„საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს სს „ბაზისბანკის“ (ს/ნ 203841833) მიერ სს „ლიბერთი ბანკის“ (ს/ნ 203828304) აქციების 95.99%-ის შესაძლო შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს. ორივე ზემოხსენებული ეკონომიკური აგენტი საბანკო სექტორში საქმიანობს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
სებ-ის ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს შესაძლო კონცენტრაციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა 2025 წლის 23 ივლისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნულ ბანკში შეუძლიათ.
2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ლიბერთი ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიებს შორის 45-ე ადგილს იკავებს, 396.6 მილიონი ლარით. კომპანიის მფლობელებს შორის კი ამჟამად არიან: ირაკლი ოთარ რუხაძე (31.38%), იგორ ალექსეევი (31.38%), ბენჯამინ ალბერტ მარსონი (31.38%). 2025 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, ლიბერთის საკრედიტო პორტფელი 27.92%-ით გაიზარდა, მისი წილი საკრედიტო დაბანდებაში კი 5.97%-ია – წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 5.66% იყო.
რაც შეეხება „ბაზისბანკს“, ის ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიებს შორის, 2023 წლის მონაცემებით, 44-ე პოზიციაზეა, 416.6 მილიონი ლარით. კომპანიის მფლობელებს შორის კი არიან: მი ზაიქი (56.27%) და მიე ენხვა (41.75%). 2024 წლის პირველ კვარტალში მთლიან დაკრედიტებაში „ბაზისბანკის“ წილი 4.60% იყო, ეს ნიშნული მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 4.61%-ია. 2025 წლის პირველ კვარტალში ბანკის საკრედიტო პორტფელი 19.65 %-ით გაიზარდა.