BMG-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთის“ შესყიდვა აღარ განიხილება. მისი ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია „ლიბერთი ბანკის“ თანამფლობელმა, ირაკლი რუხაძემ დაადასტურა. როგორც ირკვევა, ბიზნესმენი ორი ბანკის გაერთიანებას არ გამორიცხავს.
„მხარეებს შორის კონსულტაციები გრძელდება პარტნიორობის სხვადასხვა ფორმაზე, რაც, პოტენციურად, ორი ბანკის გაერთიანებასაც მოიაზრებს. თუ რამეზე ვლაპარაკობთ, უფრო გაერთიანებაზე, რომელშიც ორივე მხარე დავრჩებით“, – განაცხადა მედიასთან ირაკლი რუხაძემ.
„ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთის“ შესყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელდა. ივლისში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთის“ შესაძლო შეძენისთვის განსახორციელებელი კონცენტრაციის განხილვის პროცედურები დაიწყო. საბოლოოდ, სებ-მა დაადგინა, რომ ორი მსხვილი ბანკის გაერთიანება ბაზარზე კონკურენციის მხრივ პრობლემებს არ გამოიწვევდა.
„ეროვნულმა ბანკმა „ბაზისბანკს“ დაუწესა რაღაც შეზღუდვები და წინაპირობები, რის გამოც გარიგება გაიწელა… მაგალითად, დოკუმენტაცია, განსაკუთრებით ჩინეთიდან, არ იყო მარტივი შესაგროვებელი. ამას მოჰყვა სხვადასხვა გართულება. ერთ-ერთი ისიცაა, რომ „ლიბერთი“ გაიზარდა ამ დროის განმავლობაში და ის გარიგება, რომელიც წლის დასაწყისში გავაკეთეთ, დღეს სხვანაირად გამოიყურება, თუმცა გარიგებაზე მუშაობას ვაგრძელებთ“, – განაცხადა ადრე ირაკლი რუხაძე გარიგების პროცესის გაჭიანურებასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, 2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ლიბერთი ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიებს შორის 45-ე ადგილს იკავებს, 396.6 მილიონი ლარით. კომპანიის მფლობელებს შორის კი ამჟამად არიან: ირაკლი ოთარ რუხაძე (31.38%), იგორ ალექსეევი (31.38%), ბენჯამინ ალბერტ მარსონი (31.38%).
რაც შეეხება „ბაზისბანკს“, ის ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიებს შორის, 2023 წლის მონაცემებით, 44-ე პოზიციაზეა, 416.6 მილიონი ლარით. კომპანიის მფლობელებს შორის კი არიან: მი ზაიქი (56.27%) და მიე ენხვა (41.75%).









