BBC: რა გზები არსებობს მსოფლიოში უკრაინის მოსავლის ექსპორტისთვის?

BBC: რა გზები არსებობს მსოფლიოში უკრაინის მოსავლის ექსპორტისთვის?

მაშინ როცა მოსავლის ახალი სეზონი იწყება, უკრაინელ ფერმერებს 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის მარაგი აქვთ, რომელთა მიწოდებასაც საერთაშორისო ბაზრებისთვის ვერ ახერხებენ. უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შედეგად, მსოფლიო სასურსათო დეფიციტი მწვავდება, ფასები კი მუდმივად იზრდება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუსეთის შემოთავაზებას სანქციების მოხსნის სანაცვლოდ უკრაინის შავი ზღვის პორტების გახსნის შესახებ, „შანტაჟი“ უწოდა. უკრაინა საერთაშორისო ბაზარს მზესუმზირას ზეთის 42%-ით, სიმინდის 16%-ითა და ხორბლის 9%-ით უზრუნველყოფს. ლიბანი ხორბლის 80%-ს, ხოლო ინდოეთი მზესუმზირას ზეთის 76%-ს უკრაინიდან იღებს. გარდა ამისა, გაეროს სასურსათო პროგრამის (WFP) ფარგლებში, უკრაინიდან ხორბლის 40% შიმშილის ზღვარზე მყოფ მოსახლეობას მიეწოდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ეთიოპია, იემენი და ავღანეთი.

უკრაინაში დაწყებულ ომამდეც, მსოფლიო სურსათის მარაგის ბედი გაურკვეველი იყო. გასულ წელს კანადაში გვალვამ ხორბლისა და მცენარეული ზეთის კულტურები, ხოლო სამხრეთ ამერიკაში სიმინდისა და სოიას მოსავალი დააზარალა. არსებულ მდგომარეობას კოვიდიც დაერთო და შედეგად, ინდოეთსა და მალაიზიაში სამუშაო ძალის დეფიციტმა პალმის ზეთის დაბალი მოსავალი განაპირობა, გაიზარდა მცენარეული ზეთის გლობალური ფასიც. ამ წლის დასაწყისშიც კი სურსათის ფასი რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევდა, გლობალური დეფიციტის შემავსებლად კი უკრაინა მოიაზრებოდა.

ომამდე უკრაინის ექსპორტის 90% ქვეყანას შავი ზღვის პორტებით ტოვებდა, მათ შორის ინდოეთისა და ჩინეთის მიმართულებით. თუმცა ამჟამად ყველა მათგანი დაკეტილია, უკრაინის სანაპირო ზოლის უდიდესი ნაწილი რუსეთის გავლენის ქვეშაა, დანარჩენი კი, სულ მცირე, 20-ხომალდიანი ფლოტითაა დაბლოკილი.

WFP-ის ხელმძღვანელის, დევიდ ბიზლის მოწოდებით, ბლოკადის გასარღვევად საერთაშორისო საზოგადოებამ კოლონა უნდა უზრუნველყოს. იდეალურ შემთხვევაში ეს შავი ზღვის ქვეყნებმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა უნდა გააკეთონ, მაგრამ რადგან მათ  მსგავსი შესაძლებლობა არა აქვთ, მაშინ საქმეში ნატოს სახელმწიფოები უნდა ჩაერთონ. ეს კი თურქეთს, რომელიც შავ ზღვაში სრუტეებს აკონტროლებს, რთულ მდგომარეობაში აყენებს, რის შედეგადაც ქვეყანამ სამხედრო გემების შესვლაზე შეზღუდვა უკვე დააწესა.

ევროკავშირის მიერ სანქციების ახალი პაკეტის განხილვის ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, სურსათით დატვირთული გემებისთვის უკრაინიდან გასასვლელად ჰუმანიტარული დერეფანი უზრუნველყოს. ომის ხვალ დასრულების შემთხვევაშიც კი შავი ზღვის უსაფრთხოების დაბრუნებას თვეები ან წლები დასჭირდება. ამჟამად უკრაინიდან სურსათის გატანა მხოლოდ ხმელეთისა და მდინარე დუნაის გავლითაა შესაძლებელი.

გასულ კვირას ევროკავშირმა უკრაინის ინფრასტრუქტურაში მილიარდობით ევროს ინვესტიციების ჩადება დააანონსა.  თუმცა ადგილობრივი ფერმერების განცხადებით, საკმარისი არც ეს იქნება. გარდა ამისა, ადგილობრივების განცხადებით, საზღვრის გადალახვის გაადვილების ნაცვლად, ახალი ბიუროკრატიული ბარიერები დაწესდა. ქვეყნიდან გასვლის მთავარი სატრანსპორტო საშუალება ახლა რკინიგზაა, თუმცა უკრაინის სარკინიგზო სისტემა ევროკავშირისაზე ფართოა, რაც ნიშნავს, რომ ტვირთი საზღვარზე ახალ ვაგონებში უნდა გადაიტვირთოს, ლოდინის საშუალო დრო კი 16 დღეა, რაც შეიძლება 30 დღემდეც გაიწელოს.

მიუხედავად იმისა, რომ გლობალურად საუბარი ძირითადად ხორბალს ეხება, უკრაინაში ჩარჩენილი მარცვლეულის უმეტეს ნაწილს სიმინდი შეადგენს. საბროკერო კომპანია Maxigrain-ის მარცვლეულის ანალიტიკოსის, ელენა ნერობას აზრით, ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს: მარცვლეულის გაყიდვისგან უკრაინელ ფერმერებს ჰოლოდომორის გამოცდილება აკავებს და მეორე, უკრაინელები სიმინდს ძირითადად არ მოიხმარენ. შემდგომი ფაქტორი მოთხოვნაა: ევროპა, საკმარისი ოდენობის გამო, თითქმის არ ყიდულობს უკრაინულ ხორბალს, მისი გატანა ევროკავშირში კი არცთუ ისე მარტივია პოლონეთსა და რუმინეთში დიდი მოცულობის მარცვლეულის ექსპორტისთვის არაადაპტირებული პორტების გამო.

ამ გაურკვევლობაში დრო გადის, უკრაინის საწყობი კი მარცვლეულით სავსეა. მაშინ როდესაც უკრაინაში ხორბლისთვის კარგი კლიმატური პირობები იყო, დანარჩენ მსოფლიოში ხორბლის ბევრი კულტურა განსაკუთრებით დაზარალდა. ცენტრალურ ევროპაში, აშშ-ში, ინდოეთში, პაკისტანსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მშრალმა ამინდმა მოსავლიანობის კლება გამოიწვია. ამ დროს კი უკრაინაში 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულია ჩარჩენილი.