Berkshire-ის აქციების ფასი დაეცა - ბაფეტის ქონება $9 მილიარდით შემცირდა

Berkshire-ის აქციების ფასი დაეცა - ბაფეტის ქონება $9 მილიარდით შემცირდა

უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-ის აქციების ფასმა მკვეთრი ვარდნა განიცადა მას შემდეგ, რაც 94 წლის ინვესტორმა წლის ბოლომდე კონგლომერატის აღმასრულებელი დირექტორის პოსტის დატოვება დააანონსა. აღნიშნული სიახლის გავრცელებამ კომპანიის აქციების ღირებულების 5%-ით კლება და მილიარდერის ქონების შემცირება გამოიწვია.

კერძოდ, კომპანიის A კლასის აქციების ფასი $809,000-დან $769,000-მდე დაეცა, ხოლო B კლასის ე.წ. „ბეიბი ბერკის“ ფასი $540-დან $512-მდე შემცირდა. ამ ვარდნამ Berkshire Hathaway-ის საბაზრო კაპიტალიზაციიდან $30 მილიარდზე მეტი გააქრო. პარალელურად, $8.9 მილიარდით შემცირდა ბაფეტის ქონებაც და, Forbes-ის შეფასებით, ამ დროისთვის ის $160.1 მილიარდს შეადგენს. მიუხედავად ამისა, ბაფეტი კვლავ რჩება მსოფლიოს მეხუთე უმდიდრეს ადამიანად.

აქციების ფასის ვარდნას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ კომპანიის 2025 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მოგება ანალიტიკოსების მოლოდინს 5%-ით ჩამორჩა. თუმცა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ვარდნაზე ყველაზე დიდი გავლენა მაინც ბაფეტის წასვლის მოლოდინმა იქონია. KBW-ის ანალიტიკოსის, მაიერ შილდსის თქმით, ბაფეტის წასვლა უფრო მეტად იმოქმედებს ინვესტორების განწყობაზე, ვიდრე უშუალოდ კომპანიის საქმიანობაზე.

UBS-ის ანალიტიკოსმა ბრაიან მერედიტმა აღნიშნა, რომ Berkshire-ს ძალიან დააკლდება ბაფეტის გამორჩეული უნარი, რაც კაპიტალის ეფექტიანად გადანაწილებაში გამოიხატება. მიუხედავად CEO-ს თანამდებობიდან წასვლისა, ბაფეტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დარჩება. კომპანიამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბაფეტის მემკვიდრე გრეგ აბელი იქნება, რომელიც ამჟამად Berkshire Hathaway Energy-ის ხელმძღვანელობს.

Berkshire Hathaway ფლობს არაერთ ცნობილ კომპანიას, მათ შორის სადაზღვევო სექტორის გიგანტ GEICO-ს, ნაყინის ქსელ Dairy Queen-სა და საღებავების მწარმოებელ Benjamin Moore-ს. კომპანიის საფონდო პორტფელის ღირებულებამ 2024 წლის ბოლოს $275 მილიარდს მიაღწია, რომელშიც შედის Apple-ის 2%-იანი, American Express-ის 22%-იანი და Coca-Cola-ს 9%-იანი წილები. ამასთან, 2025 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის, Berkshire-ის სარეზერვო ნაღდი ფული $348 მილიარდს შეადგენდა.

უორენ ბაფეტის ხელმძღვანელობამ 1965 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში Berkshire Hathaway-ს საშუალოდ 19.9%-იანი წლიური მოგება მოუტანა, რაც S&P 500-ის ამავე პერიოდის საშუალო 10.4%-იან მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება.